„თვითონ აიღო სხვისი სიცოცხლის გადარჩენის პასუხისმგებლობა, თუმცა საკუთარის დათმობა მოუწია...“ - ჟურნალისტის ექიმ ბებიას იხსენებს

მარიამი

ჟურნალისტი და პროდიუსერი მარიამ მდინარაძე სოციალურ ქსელში ექიმი ბებიის შესახებ ყვება, რომელსაც უამრავი ბავშვი გადაურჩენია:

"ჩემ ბებიაზე მინდა მოგიყვეთ.
მამაჩემის დედა, თინა კოხოძე ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი იყო ოზურგეთის პოლიკლინიკაში. წამოშობით იმერელმა სკოლა სოფელ ობჩაში ოქროს მედალზე დაამთავრა და უგამოცდოდ მოეწყო თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგაც ოზურგეთში გაანაწილეს ექიმად. იქ ბაბუა გაიცნო და სამუდამოდ დარჩა საცხოვრებლად.

ბებია ყოველთვის დღის ორ საათამდე მუშაობდა პოლიკლინიკაში, სხვა დროს პაციენტებს სახლში, სპეციალურად მოწყობილ კაბინეტში იღებდა. მასთან ცხოვრება ორი წელი მომიწია და მთელი ამ ხნის მანძილზე ყველა 
პაციენტის მიღებას ვესწრებოდი. როგორც კი
ჭიშკართან მანქანის გაჩერების ხმას და მოკრძალებით დაძახილ „თინა ექიმოს“ მოვკრავდი ყურს, ვწყვეტდი მეცადინეობას, ჭამას, თამაშს და ბებიის კაბინეტისკენ მივრბოდი, მოვკალათდებოდი კედელთან მიდგმულ კაკლის ტახტზე და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი პაციენტების გასინჯვას, პროცედურებს და დანიშნულებას. ბებიას საქმე ძალიან მარტივი ჩანდა. ჩახედავდა ყელში, მერე ყურში, სულ სამი წამალი ქონდა, იმ სამი წამლით დაამუშავებდა და იგივე წამლებს გამოუწერდა სახლში მკურნალობის გასაგრძელებლად. იშვიათად ნიშნავდა ანტიბიოტიკებს.
ერთ დღეს ვუთხარი, რა ადვილია ექიმობათქო. თინა ცოტა მკაცრი ქალი იყო და თავისი ჩვეული სიმკაცრით გადმომხედა და მითხრა: ექიმობაში ყველაზე ძნელი საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებააო, პასუხისმგებლობა ბავშვების და დიდების სიცოცხლეზეო. ბებიასთან ყველა ასაკის პაციენტი მოდიოდა, რადგან ის ერთადერთი ყელ-ყურ-ცხვირის ექიმი იყო რაიონში და ჩემი იქ ცხოვრების პერიოდში არასოდეს გადაუმისამართებია თავისი პაციენტი სხვაგან, მაგალითად ქუთაისში, თბილისში და ა.შ. სულ თვითონ იღებდა პასუხისმგებლობას, მკურნალობდა და ყოველთვის შედეგიანად. მე არ მახსოვს არცერთი გართულებული შემთხვევა.

ყველაზე მეტად ნერვიულობდა, როცა ცხვირში პატარა ნივთებგაჩხერილ ბავშვებს მოუყვანდნენ. ამ დროს სულ ორ რამეს იყენებდა, ნესტოს გასაფართოვებელ ხელსაწყოს და თმის სამაგრს, რომლითაც ისე ადვილად გამოაძვრენდა ხოლმე მძივს, ლობიოს მარცვალს, სათამაშოს დეტალს, რომ იფიქრებდი, ამას მეც ხომ ვიზამო. ერთხელ ვუთხარი კიდეც, რა ადვილიათქო და ისევ მკაცრი ტონით მიპასუხა: ასეთ დროს ერთი ნაბიჯია სიკვდილამდე, შეიძლება პატარა ნივთი დაგისხლტეს, სასულეში გადაცდეს და დაღუპულია საქმეო. ასეთ დროს სახლის პირობებში ბავშვის გადარჩენა თითქმის გამორიცხულიაო, მაგრამ ქუთაისამდე დიდი გზაა და კიდევ უფრო საშიშია გზაში არ დაიხრჩოსო. მოკლედ ასეთ შემთვევებშიც ამ უდიდეს პასუხისმგებლობას ისევ საკუთარ თავზე იღებდა.
ბებიას გული აწუხებდა, გარდაცვალებამდე ბოლო ერთი წლის მანძილზე ხშირად უწევდა სამსახურის გაცდენა ჯანმრთელობის გამო, დასუსტდა.

28 აგვისტოს, მარიამობის საღამოს ლოგინში იწვა, როცა ჭიშკრიდან მორიგი „თინა ექიმო“ გაისმა, ბებიამ ხალათი მოიცვა და კაბინეტისკენ გაეშურა. პაციენტი სამი წლისაც არ იქნებოდა, ცხვირში შეტენილი მძივით. ამჯერად საქმე არ იყო მარტივად, შეშინებული ბავშვი ტიროდა, ტირილი კი ზრდიდა მძივის გადაცდენის რისკებს. ბებიამ პასუხისმგებლობა ისევ საკუთარ თავზე აიღო და საქმეს შეუდგა, თუმცა მძივის მდებარეობის, ბავშვის წინააღმდეგობის და სიფრთხილის გათვალისწინებით, სიცოცხლის გადარჩენის ოპერაცია საათზე მეტხანს გაგრძელდა. საბოლოოდ თინამ გაიმარჯვა და გადარჩენილი პაციენტი გაისტუმრა სახლში. თვითონ ლოგინთან დაბრუნდა, მთლიანად, პერანგიან-ხალათიანად სველი, გამოიცვალა და დაწვა.იმ საღამოს ბებიამ დარჩენილი წლებისთვის გამოსაზოგი ენერგია მთლიანად დახარჯა. ისევ აიღო სხვისი სიცოცხლის გადარჩენის პასუხისმგებლობა, თუმცა ამისთვის საკუთარის დათმობა მოუწია. დილით გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ ლოგინში.დღეს 22 წელი გახდა, რაც ბებია აღარ მინახავს"...

 

წყარო: mshoblebi.ge