პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცოტა ხნის წინ სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - 78 წლის ასაკში ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დამსახურებული კომენტატორი მძიმე სენთან ბრძოლაში დამარცხდა.
გასულ წელს ჯამლეტ ხუხაშვილს ჯანმრთელობის მძიმე პრობლემა შეექმნა. მკურნალობის კურსი ისრაელში გაიარა, შემდეგ კი საქართველოში განაგრძო.
გთავაზობთ დამსახურებული კომენტატორის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუს, რომელიც 2022 წლის ზაფხულში „თბილისელებს“ მისცა.
„მარცხენა თვალზე შემექმნა პრობლემები. ივა ბერაძე, ჩემი თანაკლასელი და მეგობარი, დიდოსტატია ოფთალმოლოგიაში და მასთან მივედი, გამსინჯეს და ძალიან რთული დიაგნოზი დამისვეს – ეს არის ლიმფომა თვალის ფსკერზე, რაც უიშვიათესი შემთხვევაა. საქართველოში ამ დაავადების სტატისტიკა საერთოდ არ არსებობს. ამიტომ, ივამ მითხრა: ბატონო ჯამლეტ, სასწრაფოდ უნდა გაემგზავრო ისრაელში და იქ იმკურნალოთო. ჩემი სიძე ისრაელში მუშაობს, ჩემი გოგოც, ერთ საავადმყოფოში არიან. აღმოჩნდა, რომ თვალი რომ გადამერჩინა ამ სიმსივნისგან, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავი. ფაქტობრივად, მთელი წლის მკურნალობა ისრაელში გავიარე. თვალის ფსკერზე 25 ქიმია გამიკეთეს, ეს მთელი წლის კურსია. ამ 25-მა ქიმიამ, რომელიც ნემსით შემიყვანეს თვალში, თავისი საქმე გააკეთა. მერე ორი ათასი ფოტო გადაიღეს, ყველანაირი გამოკვლევა ჩამიტარეს და ნახეს, რომ სიმსივნური სივრცე შეკუმშული იყო. ანუ, ქიმიამ სიმსივნური სივრცე უკუაქცია. მაგრამ მერე მცირეოდენი გაუგებრობა წარმოიშვა და ისევ ქიმიაზე გადავიდნენ. ისევ მიხედეს და მოუარეს. ყველაფერი უმაღლესი რანგის ექიმებმა გამიკეთეს. ისრაელში უძლიერესი ექიმის პროტოკოლით ვმკურნალობდი, რომ პროცესი ბოლომდე მიმეყვანა. ახლა უკვე აქ, თბილისში ვაგრძელებ მკურნალობას.
მე მაინც ვიბრძვი. ქიმიას ვებრძვი, ბოტანიკასაც და ფიზიკასაც. თუმცა, ქიმია არ არის მარტივი და თავის კვალს ტოვებს. სისუსტეს ვგრძნობ, მაგრამ ყველანაირად უნდა გავუძლოთ. მთავარია, რომ საქართველოში დიდი სპეციალისტები გვყავს და მიხარია, რადგან კარგ ექიმს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მათი იმედი მაქვს. ქიმიების დროს ზოგადი სისუსტე არ არის გასაკვირი, ეს იქნება ვიცი და ამას შეგუება სჭირდება", - ამბობდა ჯამლეტ ხუხაშვილი.
ცნობისთვის, ჟურნალისტი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.