ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა

სს

ქართველი ჟურნალისტი, სპორტსმენი, თბილისის საპატიო მოქალაქე, სპორტის დამსახურებული მოღვაწე, ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ჯამლეტ ხუხაშვილი 1963 წლიდან სპორტული კომენტატორი იყო.

1980-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიაში, ტელეკომპანია „იმედში“, სპორტულ რადიო „ჯაკოში“.

1994 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების უფროსი იყო. 1990 წლიდან მაქაბის კლუბის პრეზიდენტი. ავტორი საიუბილეო წიგნისა „ყურადღება“ (2004). დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004). 

„ძალიან სამწუხარო ამბავი შევიტყვე. მარადიულობას შეუერთდა ბატონი ჯამლეტ ხუხაშვილი, ორი ერის ღირსეული, საამაყო შვილი, ღირსეული ებრაელი და გულმხურვალე ქართველი, კოტე მახარაძის მოწაფე და მეგობარი, ნიჭიერებით სავსე კაცი, უბადლო სპორტული კომენტატორი, ჩვენი თეატრის გულშემატკივარი და უერთგულესი მეგობარი. შეიძლება ითქვას, რომ დაგვტოვა ლეგენდარულმა ადამიანმა. როგორ დაგვაკლდება მისი გამორჩეული, ბუბუნა ხმა, მისი საზოგადოებრივი აქტიურობა, უბადლო ნიჭიერება... ორ ერს შორის გადებული ხიდის ბურჯი წაიქცა. ვწუხვარ. ნათელი დაგადგეს ძვირფასო მეგობარო... ვერასოდეს დაგივიწყებთ... დიდი დრო დასჭირდება, ვიდრე ამ დონის ეპოქალური ადამიანი კვლავ მოევლინება ორი ერის მეგობრობის გზა-სავალს...გისამძიმრებ ძვირფასო ევა, ვიზიარებ ოჯახის, მეგობრების, ორი ერის შვილების ტკივილს.“,- წერენ მეგობრები.