„თურმე, ქართულ ამბებს თურქეთშიც კითხულობენ...“ - რა უთხრა გიორგი გილიგაშვილს მკურნალმა ექიმმა

giliga

რამდენიმე თვის წინ, გიორგი გილიგაშვილის გულშემატკივართა უზარმაზარი არმია სამწუხარო ამბის გაგებამ დაამწუხრა. ცნობილი გახდა, რომ უნიჭიერეს მომღერალსა და მსახიობს ავთვისებიანი კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მაშინ ის ერთ-ერთი სატელევიზიო პროექტში მონაწილეობისთვის ემზადებოდა, რისთვისაც სამედიცინო შემოწმება იყო საჭირო, სადაც ფარისებრ ჯირკვალზე კვანძები აღმოაჩნდა. როგორც თავად განმარტა, იმ დროს კოვიდი მძვინვარებდა და მედიკოსების მოცდენა საჭიროდ არ ჩათვალა. საბოლოოდ, უახლოესი მეგობრის, ირაკლი მაქაცარიას მოთხოვნით, კლინიკაში კვლევაზე მივიდა და...

მეგობრები გაერთიანდნენ და გიორგი სასწრაფოდ თურქეთში გაემგზავრა. ამოღებული 12 კვანძიდან 8 ავთვისებიანი აღმოჩნდა. რამდენიმე კვლევის შემდეგ „პრაიმტაიმი“ სასიხარულო ინფორმაციას გიზიარებთ. გიორგი გილიგაშვილმა კიბო საბოლოოდ დაამარცხა და შეიძლება ითქვას, ცხოვრებას თავიდან იწყებს.

„პრაიმტაიმის“ მკითხველს კი ბევრ სასარგებლო რჩევას უზიარებს.

გიორგი გილიგაშვილი: - ეს იყო პირველი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი კვლევა. იყო რაღაც თვალსაზრისით მიმანიშნებელი საით მიდის პროცესები, კიდევ არის საეჭვო? პრინციპში, კითხვის ნიშანი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს. კითხვის ნიშნები ჯანმრთელ ადამიანსაც ესმება - ჩვენ ცოცხალი სანამ ვართ, სიკვდილის მატარებლები ვართ, ასეთი მდგომარეობაა კაცთა მოდგმისა დედამიწაზე, მაგრამ გაარკვიეს, ის პროცესები, ამ სნეულების ამოკვეთის შემდეგ რომ უნდა ყოფილიყო, კიდევ არის თუ არა, მითხრეს, რომ გიორგი, არ არის, ნუ გეშინია.

თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ეტაპობრივად, როგორც უნდა იყოს ჩემი მდგომარეობა, ისე არის. ახლა დროის და ჩემი კარგად მოქცევის თანხვედრაა საჭირო - მეც კარგად უნდა მოვიქცე და თავს გავუფრთხილდე. ჩემმა ექიმმა მითხრა: - ყველაფერი კარგად არის, გენეტიკა ხელს გიწყობს, ლოცვა არ გაკლია შენი ხალხისო. თურმე, ქართულ ამბებს თურქეთშიც კითხულობენ. მე და ჩემი დის ჩაწერილი ახალი სიმღერა ჩემს ქართველ მეგობარს, რომელიც იქ თარჯიმნად მახლდა, ჩემი ექიმისთვის გაუგზავნია, ნახე, გიორგი როგორ მღერის, ხმა რა კარგად აქვსო (იცინის) ასე რომ, ღვთის წყალობით, ჩემ გულშემატკივრობაში თურქეთის მხარეც ჩართულია და არა მხოლოდ, ყველა ის პერსონალი, ექიმი და პაციენტი, რომელიც იქ გავიცანი. ახლა სტუდიაში გახლავართ, ახალ პროექტზე ვმუშაობ...

ყველაფერი ჩემს კარგად მოქცევაზეა დამოკიდებული - ადრე როგორც ვექცეოდი საკუთარ თავს, ისე აღარ იქნება.

- რას აკეთებდით არასწორად და რის შეცვლას აპირებთ?

- არ ვიცოდი ღამე და დღე, ახლა დღისა და ღამის განსხვავება ვისწავლე. მზის ამოსვლასთან ერთად უნდა აღდგეს ადამიანი სარეცელიდან და მზე რომ ჩადის, ნელ-ნელა მთელი შინამო,  შინაგან სამყარო მიძინებისთვის განაწყოს. უნდა შევეცადოთ, რომ დაძინებამდე 3 საათით ადრე ტელეფონი აღარ ავიღოთ ხელში, დავანებოთ თავი სხვების, თუნდაც, ჩვენი მეგობრების ალბომების თვალიერებას და ჯობს, საკუთარ შინაგან ალბომს მივხედოთ - რამდენი სურათიც გვეხატება წარმოსახვაში თუ ფიქრში. პირველ რიგში, დღე-ღამის განსხვავება დავიწყე. დრო სხვანაირად გადავანაწილე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, ამ სოფელში მარადიული არ ვიყავი, სულ მეგონა, რომ ყოველთვის ვიქნებოდი მარადიულად ახალგაზრდა, ჯან-ღონით სავსე და ყველაფერი ასე იქნებოდა. ის ფერისცვალება, რომელიც ჩვენ გვეხება უნებლიედაც, ეს აღარ მახსოვდა. არადა ფერისცვალება ნებსით უნდა შევიხოთ და არა ისე, უცბად რომ გავჭაღარავდებით და აღმოვაჩენთ, რომ დავბერდით, არც ხე დავრგეთ, არც შთამომავალი დავტოვეთ და არც სახლი ავაგეთ...

გაცილებით მეტად პროდუქტიული გავხდები. როცა ადრე იღვიძებ, მეტ სიცოცხლეს ასწრებ ამ ცხოვრებაში და არა ნახევარი ცხოვრება რომ ისედაც ძილში უნდა გაატაროს კაცმა.

რაც შეეხება სამზარეულოს საკითხს, ეგეც სხვანაირად, შინაარსიანად გავიაზრე და შევიმეცნე, რომ შენი ხორციელი სხეულისთვის რაღაც-რაღაც პროდუქტები არ შეიძლება ერთად რომ მიიღო. ეს კულტურაც ალბათ სასწავლი მქონდა და უნდა შემეთვისებინა. არ შეიძლება, რასაც შემოგთავაზებენ ყველაფერი შენს თეფშზე მოხვდეს, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველთვის მარხვით ვიყავი და უარს ვამბობდი,  მაინც ვიღებდი.

ერთიანად ვიცვლი საკუთარ შემეცნებას ფერისცვალებით უკეთესისკენ, სულიერადაც უფრო მხნედ ვგრძნობ თავს, უფრო დაბრძენებულადაც (იცინის). ადრე რასაც გავაკეთებდი თავქარიანად, ახლა აღარ გავაკეთე რამდენჯერმე, დიდება უფალს, შევიგნე, რომ „ასე არ არის როგორც მგონია, ერბო ერბოა, ქონი ქონია“ (იცინის).

- რა შეცდომას ვუშვებთ ყველაზე ხშირად, რა გვიზიანებს ჯანმრთელობას?

- ყველა სახის ხორცს ერთად მივირთმევთ: ქათამსაც, საქონელსაც. პირუტყვისა და ფრინველის ყველა სახეობას. ეს არ შეიძლება. კიდევ, არ შეიძლება ამდენი ცომეულის მიღება. მე არასდროს მიფიქრია ამაზე, ღვთის წყალობით, ჭარბი წონა არასდროს მქონია. ყველაფერს, რასაც მთავაზობდნენ, მადლობით ვიღებდი და მივირთმევდი ხოლმე.

დღეს რასაც ვსუნთქავთ ჩვენ, რასაც ვსვამთ, მივირთმევთ, ეს ყველაფერი დაზიანებული, დაბინძურებულია, გენმოდიფიცირებულია, თითოეული ეს პროდუქტი რა ნიადაგზეა, რით არის მოყვანილი არ ვიცით. ადრე არ ვინტერესდებოდი, თუ ლამაზად იყო შეფუთული გეახლებოდით ხოლმე, მეგობრებსაც ვუნაწილებდი, ახლა უკვე ფრთხილი გავხდი, დღევანდელობაში, აღარ არის ის ჯანსაღი გარემო, რაც 100-200 წლის წინათ იყო ბუნებრივი კლიმატური თვალსაზრისით ჩვენს ლამაზ დედამიწაზე. ახლა კლიმატი ისე აირია, ზამთარში ზაფხულის ამინდებია და პირიქით. ეს ყველაფერზე მოქმედებს, ყველაფრის გადაგვარებაზე, მათ შორის, ადამიანის.

- გიორგი, რას ურჩევ ჩვენს მკითხველს?

- დიდ სიყვარულს ვუგზავნი გულშემატკივარსა და  თქვენს საყვარელ მკითხველს, რაღაცას რომ ეტყვიან თავიანთი საქმის შემეცნებული ადამიანები, მეცნიერები, ექიმები, არ დააგვიანონ მისვლა თავის დროზე, არ გადადონ...

„დაგვიანება ტოლფასია ბევრჯერ სიკვდილის,

მაგრამ სიკვდილიც აგვიანებს ხოლმე, ხანდახან...

ადე, ნუ გძინავს, შეიგრძენი რიჟრაჟი დილის,

უფალმა უწყის, საზვერეებს როდის გარდახვალ.“

ასეთი განწყობა მქონდა და ეს პატარა სტროფიც დავწერე.