"თუ ბავშვს უარყოფითი რაღაცები მოსწონს.." - შალვა ამონაშვილი მშობლებს მიმართავს

შალვა ამონაშვილი

​აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი მშობლებს შვილებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას უზიარებს და ურჩევს, რომ მიზნები დაისახონ.

„მიზანი უნდა დავისახოთ, რა გვინდა ჩვენი შვილებისგან. ​თუ გავგიჟდებით, ბავშვებს ვეღარ აღვზრდით, დავამახინჯებთ. გამოგვადგება ასეთი რამე?! ბავშვები რომ სკოლაში იყვნენ, ჩვენ დასვენებულები ვიქნებოდით. სახლში არიან და იკლებენ ყველაფერს, დარბიან, ყვირიან, ბურთს თამაშობენ. რასაკვირველია, ეს შეგვაწუხებს, მიგვიყვანს ზღვრამდე, რომ დავუყვიროთ, გავბრაზდეთ, დავემუქროთ, ავუკრძალოთ. მოხდება კონფლიქტები. ამით დავარღვევთ ყველა კარგ კანონს. პირველ რიგში, თავში უნდა გვედოს ის, რომ თავი უნდა შევიკავოთ. ეს არის ერთადერთი გამოსავალი. გაგიჟების ერთი ნაბიჯით აქეთ ვიყოთ. ჩვენ დიდებმა მაინც ხომ ვიცით, რა შედეგი მოჰყვება ამას. ხომ გიყვართ ბავშვი? ეს სიყვარული გამოავლინეთ. უფროსს შეუძლია მოთმინება, მაგრამ ბავშვს - არა. მოითმინეო, ბავშვს რომ ვეძახოთ, არ გამოდგება. როდესაც დედა გახდი და მამა გახდი, უნდა მოითმინო რაღაცები.“

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვის აღზრდის პრინციპებზე გადაწყვეტილებმა მშობლებმა უნდა მიიღონ:

„ბავშვებზე პირველი სიტყვა მშობლებს ეთქმით. იმათ უნდა თქვან, თუ როგორი აღზრდა უნდათ თავიანთი შვილის. შეიძლება მათ სთხოვონ დედამთილს, სიდედრს: „თუ შეიძლება, დამეხმარე, რომ ასე გავზარდოთ ბავშვი.“ რძალ-დედამთილის ურთიერთობები თუ არის გართულებული, რასაკვირველია, ეს თხოვნები საქმეს არ უშველის. ზოგჯერ დედამთილი თავისებურად ზრდის ბავშვს, ​ახალგაზრდები ჰუმანურები არიან და ბებიამ ვერ გაიგო, უყვირის, უბრძანებს შვილიშვილს. ამ დროს ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ უყუროს გაბრაზებულ ბებიას თვალებში და უთხრას: „შენ კი მიყვირი, მაგრამ მე მაინც მიყვარხარ.“ ბავშვს უნდა ვასწავლოთ: „ბებიას გულით უყვარხარ, რომ გეტყვის რამეს, გაგიბრაზდება, უთხარი, რომ გიყვარს.“ ბავშვს კი არ შევაძულოთ ბებია, პირიქით. ასეთი მიდგომით ბავშვი გაზრდის ბებიას თავისთვის სასიკეთოდ.“

შალვა ამონაშვილის თქმით, არ არის სწორი, როდესაც მშობელი ბავშვს ყოველთვის პირველობას და წარმატების მიღწევას სთხოვს.

„ბავშვი არ უნდა იყოს ყველაზე პირველი, ის უნდა იყოს თავის თავში პირველი. ბევრ რამეს ვაძალებთ ჩვენს შვილებს. მერე ისინი გვიძალიანდებიან. თითქოს მისთვის სიკეთე გვინდა და ამ დროს მივაჯახებთ რაღაც კედელს. ​არ უკიჟინოთ ბავშვს პირველობა და გამარჯვება. მჯობნის მჯობნი არ დაილევა. შური კი არ უნდა გაგვიჩნდეს, უნდა გვიხაროდეს, რომ ის დაწინაურდა. თქვენი შვილის მეგობარი რომ დაწინაურდა, დაარიგეთ თქვენს შვილს, რომ მიულოცოს, საჩუქარი მიუტანოს, გადაეხვიოს, გაიხაროს მისი გამარჯვებით. აი, ეს იქნება აღზრდა.“

„სიმკაცრე ყველა ასაკში ადრეა. სიმკაცრე მიუღებელია. ხანდახან რომ გინდა უთხრა ბავშვს, ეს არ გააკეთოო, უთხარი: „მიდი ეს გააკეთე“ და არ გააკეთებს. თუ ბავშვს უარყოფითი რაღაცები მოსწონს, თქვენც გადადით იმის მხარეს ცოტა ხნით. ​ურთიერთობაში დაანახეთ ბავშვს, რომ ეს მთლად მოსაწონი არ ყოფილა. აიღეთ უარყოფითი ნივთი, უარყოფითი ფილმი, უარყოფითი სურათი და თქვენი რეპლიკებით დაანახეთ ბავშვს, რომ ეს მოსაწონი არ არის,“ - აღნიშნულ საკითხებზე შალვა ამონაშვილმა ამონაშვილის აკადემიის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.