პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკვე 9 თვეა, რაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, ცოტნე გამსახურდია საქართველოში, კერძოდ კი წეროვანის სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს.
როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა, ცოტნეს საბოლოო გამოჯანმრთელებამდე ჯერ კიდევ დიდი და რთული გზაა გასავლელი.
„ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებისკენ მიდიოდა, საუბარიც დაიწყო, თუმცა, ტვინის ღრმა დაზიანებამ, გართულება გამოიწვია. გამოუვლინდა ეპილეფსიური სტატუსი, რომელიც არ არის უბრალოდ კრუნჩხვა, ესაა მძიმე მდგომარეობა, საიდანაც ცოტნეს გამოყვანა გერმანელ ექიმებს ძალიან გაუჭირდათ.
ერთი თვე ებრძოდნენ ამ მდგომარეობას და ამის გამო ორჯერ შეიყვანეს ხელოვნურ კომაში. პარალელურად, ძალიან ძლიერ წამლებს აძლევდნენ, რომ დაეთრგუნათ პათოლოგიური აღგზნების კერები დაზიანებულ ტვინის უბნებში.
ჯანმრთელობის პროგრესის მხრივ ისევ უკან დავბრუნდით, ყველაფერი ისევ ნულიდან დავიწყეთ. მას შემდეგ ნელა-ნელა მივდივართ წინ. ჯერ საუბარს ვერ ახერხებს, მაგრამ ემოციების გამოხატვა დაიწყო. მოძრაობაც უკეთესი აქვს, მაგრამ სულ რაღაც პრობლემის, ან გადაჭრაში ვართ, ან პრევენციაში.
ყველანაირ ღონეს ვხმარობთ, რომ როგორმე გართულებები თავიდან ავიცილოთ და ნელ-ნელა წინ წავიწიოთ, ჯერჯერობით ამას ვახერხებთ.
- დედმამიშვილების მხარდაჭერა ცოტნესთვის ალბათ, დიდი სტიმულია...
- ბოლო პერიოდის ერთგვარი ტრადიციაა, რომ ცოტნეს დედმამიშვილები, კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი გამსახურდია და რძალი ანი აბულაძე, ერთად ვხარობთ წინ გადადგმული ყოველი პატარა ნაბიჯით ცოტნეს საბოლოო გამოჯანმრთელების გზაზე. ყველა დეტალს ერთად განვიხილავთ, ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს, სიყვარულს და ვამხნევებთ ერთმანეთს. ჩვენ მხოლოდ ერთი მიზანი გვამოძრავებს ახლა, ცოტნე დაუბრუნდეს მის ჩვეულ მდგომარეობას, და, რადგან ძალა ერთობაშია, ჩვენ ამას აუცილებლად შევძლებთ.
თქვენ არ იცით რეალურად როგორი ძმობა, სიყვარული და თავგანწირვა შეუძლიათ ერთმანეთისთვის, საყვარელი ადამიანებისა თუ ქვეყნისთვის ამ სამ ძმას.
როცა მწოლიარე ავადმყოფია ტვინის ღრმა დაზიანებით, მუდმივად ექმნება რაღაც პრობლემა. სჭირდება ანტიკუაგულანტი, მუხლში სისხლი ჩაუდგა, დაემართა ჰემართრიტი. კათეტერები ჰქონდა ყველგან სადაც შეიძლებოდა, ამის გამო ჰოსპიტალურ ინფექციებს ვებრძოდით დაწყეული ანტიბიოტიკებით, დამთავრებული ბაქტერიოფაგების კოქტეილით. ამ ყველაფერთან ბრძოლა ნახევარ წელს გაგრძელდა და დავამარცხეთ. მერე პასტიკა განუვითარდა, ამის გამო მარტო 15-16 ათასი ლარის ბოტოქსი დასჭირდა, რომელიც მინდა გითხრათ, რომ დიდმა კონსტანტინემ იმ ქვეყნიდან გადაგვიხადა.
მისი წიგნები ისევ იყიდება, გიორგის და ცოტნეს აქვთ საავტორო უფლებები და უფრო დიდ ნაწილს გიორგი ჩვენთან რიცხავს. ცოტნეს რეაბილიტაციას სახელმწიფო აფინანსებს. ბევრი კითხვა დაისვა, სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრში ცოტნეს რა უნდაო, მათ გასაგონად კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი მეუღლე გახლავთ მთავარსარდლის შვილი, რომელსაც აქ მკურნალობა ეკუთვნის. გარდა ამისა, მეც ექიმი გახლავართ და წეროვნის სარეაბილიტაციო ცენტრში ვმუშაობ.“- ამბობს ანა ჯაბაური.
ამ დრომდე ვერ ახერხებს ცოტნე გამსახურდია სახლში დაბრუნებას, ამის მიზეზი კი ისაა, რომ კოლხურ კოშკში ამჟამად ზვიად გამსახურდიას მეუღლე, მანანა არჩვაძე-გამსახურდიაა შეჭრილი.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მეუღლესა და შვილს შორის დაპირისპირება, რომელიც ქონებრივ დავას უკავშირდება, ამ დრომდე გრძელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, თბილისში არსებული კოლხური კოშკის, სადაც ცოტნე ოჯახთან ერთად ცხოვრობდა, საკეტი გატეხა შევიდა და თავად დაბინავდა. სახლში შესვლის უფლებას კი არავის აძლევს. კითხვაზე: როდის დაბრუნდება ცოტნე გამსახურდია საკუთარ სახლში? მისი მეუღლე გვპასუხობს:
- ცოტნე სახლში ვერ ბრუნდება იმიტომ, რომ იქ სხვა ადამიანია შეჭრილი. ზვიად გამსახურდიას ანდერძის თანახმად, რომელიც 1988 წელს არის დაწერილი, თბილისში არსებული კოლხური კოშკი გიორგი და ცოტნე გამსახურდიებს ეკუთვნით. ანდერძის ორიგინალი ჩვენს ოჯახში ინახება. შემდეგ გიორგიმ ჩუქებით გადაუფორმა თავისი წილი დედამისს. მას შემდეგ რაც დადგა საკითხი, რომ ცოტნე თავის სახლში ვეღარ ბრუნდება, უმადურობის მუხლის თანახმად, სასამართლომ მანანა არჩავაძეს უმადურობა გამოუვლინა და მჩუქებელს ანუ გიორგის გაჩუქებული წილი უკან დაუბრუნეს. ეს გადაწყვეტილება მანანა არჩავაძემ გაასაჩივრა და ახლა მეორე ინსტანციას ველოდებით.
ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩემს მაზლს, რომ ცოტნე დააბრუნოს თავის სახლში. ჩემი მეუღლის კოლხურ კოშკში დაბრუნება იმიტომ არის აუცილებელი, რომ გერმანელი პროფესორის თქმით, რადგან ცოტნეს ბავშვობა იქ აქვს გატარებული, იქაურობა განსაკუთრებით უყვარს და იქ დაბრუნება მას ძალიან დაეხმარება მეხსიერების დაბრუნებაში. ეს ყველაფერი კი მისი ტვინის გააქტიურებას გამოიწვევს.
- გუშინ იყო ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე. როგორ აღნიშნავდა ცოტნე ამ თარიღს?
- ყოველი წლის 31 დეკემბერსა და 31 მარტს ცოტნე განსაკუთრებით სევდიანი იყო... მახსენდება ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილე როგორ დააორგანიზა და გადაიხადა ცოტნემ. მოსაწვევებიც კი თავისი ხელით შეავსო და სტუმრებიც მან დაპატიჟა. ძალიან სევდიანი, მაგრამ ამავდროულად პოზიტიური და შთამბეჭდავი საღამო გამოვიდა. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ბოლო რამდენიმე წელია მამის საფლავზეც ვეღარ გადის.“- ამბობს ანა ჯაბაური.
შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის ივლისამდე მკურნალობდა. შემდეგ კი მკურნალობის კურსს გერმანიაში გადიოდა.