ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აჭარაში მოგზაურობენ

ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან

ყაზახი და უზბეკი ინფლუენსერები აჭარაში მოგზაურობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ.

ინფლუენსერები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძველ ბათუმს, ბულვარს, ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხესა და მთიან აჭარას. საზღვაო აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს. ტურის მონაწილეებს შორის არიან ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან, რომელთა მიერ აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს სოციალურ ქსელებში უკვე მილიონობით ნახვა აქვს. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობენ.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი  წლის განმავლობაში 25 - მდე სამიზნე ქვეყანაში აწარმოებს აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას. მათ შორისაა პოლონეთი, გერმანია, ესპანეთი, იტალია, ყაზახეთი, საბერძნეთი, ინდოეთი, ჩინეთი, ავსტრია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, ჰოლანდია და უნგრეთი.  უწყების ორგანიზებით რეგიონს უკვე სტუმრობდნენ ინფლუენსერები ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან და გერმანიიდან. წლის ბოლომდე რეგიონში უცხოელი ინფლუენსერებისა და ჟურნალისტების მოწვევა  აქტიურად გაგრძელდება.