საგამოძიებო სამსახურმა კორუფციულ ფაქტებზე ორი პირი დააკავა

საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორ სხვადასხვა კორუფციულ ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

კიდევ ერთი პირი საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომავალშიც გააგრძელებს საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარებას.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.