გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გურიაში, იმერეთსა და ქვემო-ქართლში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ სამართალდარღვევები გამოვლენილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სულაურში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებსა და რუსთავში. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების - სუფსის, რიონისა და მტკვრის კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს, ჯამში 100 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის ქვიშა-ხრეში. შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ რეაგირებენ.

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვება მნიშვნელოვან ზიანს აყენებს გარემოს. აღნიშნული საქმიანობა იწვევს მდინარეთა კალაპოტების დეფორმაციას, ნაპირების გამაგრების სისტემის დარღვევას, ნიადაგის ეროზიას და ზრდის დასახლებული პუნქტების დატბორვის, წარეცხვისა და წყლის დონის ცვლილების რისკებს, რაც საბოლოოდ ეკოსისტემების დეგრადაციას ახდენს.