„ბავშვს არ ატანდნენ, ჩვენ დავასაფლავებთო...“ - „კაბუს“ ყოფილი მეუღლე ეჭვობს, რომ მათი შვილი, რომელიც სამშობიაროში გარდაცვლილად გამოაცხადეს, ცოცხალია

კაბუ

ჰიპ-ჰოპ არტისტისა და მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე კაბუს ყოფილი მეუღლე ანუკა გიორგელაშვილი პოდკასტში „ვეძებ“ საუბრობს წლების წინ მომხდარ ინციდენტზე და გამოთქვამს ეჭვს, რომ შესაძლოა, მათი შვილი სამშობიაროდან გააშვილეს, მათ კი უთხრეს, რომ ჩვილი გარდაიცვალა.

„ვიმშობიარე 1998 წელს 16 დეკემბერს, გაჩნდა მარიამი - გოგო. ორსულობაც იყო ჩვეულებრივად, ნორმალურად მიმდინარეობდა ყველაფერი. მშობიარობაც ნორმალურად. გაჩნდა, მომილოცეს, რომ გამიჩნდა უჯანმრთელესი შვილი. გადამიყვანეს პალატაში, ვაჭამე. ექვსი საათი მე მყავდა ბავშვი და პერიოდულად შემოდიოდა ექთანი. „გავიყვანთ, უნდა დაისვენო“. 17 წლის ვიყავი. გაიყვანეს ბავშვი, შენ დაისვენეო.

წინათგრძნობა მქონდა სასწაული, ბოლო პერიოდი მქონდა საოცარი შიში, ოღონდ რის მეშინოდა, მე თვითონ არ ვიცოდი და რაღაცნაირად მინდოდა, რომ ბავშვი ჩემთან ყოფილიყო. გავედი, რომ შევხედე ოთახში, ბლოკში, სადაც ბავშვები იყვნენ, ვხედავ, რომ ჩემი შვილი აღარ არის იქ, სადაც აწერია გვარი, იქ აღარ წევს. დავიწყე კითხვა, რომ ბავშვი სად არის მეთქი. არავინ იყო. გამოვიდა პედიატრი და მეუბნება ტექსტს, რომ შენს შვილს გაუჭირდა მუცლიდან გამოსვლა და გადავიყვანეთ ბაროკამერაში, სადაც დედის ჟანგბადს ისუნთქებს რაღაც პერიოდი. იქ არ შემიშვეს.

გამოვიდა პედიატრი, დამამშვიდა, არაფერიო სერიოზული პრობლემა არ არის, ნუ გეშინიაო და დამიწყო გამოკითხვა. მთელი გენეტიკა გამოიკითხა, ვის რა პრობლემა ჰქონდა. და არავის არაფერი პრობლემა არ გვქონია, ვიყავით ჯანმრთელები. ანუ გაიგეს ეს ყველაფერი და დააზუსტეს. კარგიო, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო და დამიდეს რაღაც ფურცლები, რაც დღემდე არ მასვენებს.

რაღაცებზე მაქვს ხელი მოწერილი ისე, რომ არც წამიკითხავს, იმიტომ, რომ ვიჯექი ვტიროდი, რაღაც ბავშვურად ეს ჩემი ემოციები იყო და მომაწერინეს რაღაცაზე ხელი. ვერ ვისვენებდი, გამოვდიოდი, მივდიოდი, გამოვდიოდი, მივდიოდი და ამ ნერვიულობის ფონზე და რომ დაინახეს, რომ ძალიან ემოციებში ვიყავი, ერთ-ერთი ექიმი მოდის და მეუბნება ტექსტს, რომელიც ცხოვრებაში არ დამავიწყდება: „კაი, რა გატირებს, პატარა ხარ, კიდე მილიონ ბავშვს გააჩენო. ნუ, ეს ჩვეულებრივი ტექსტი, მათი სტანდარტული, დამამშვიდებელი. აი მანდ ჩავიკეცე, იმიტომ, რომ მივხვდი, რაღაც ხდებოდა. შემოდის ექთანი, მიკეთებს ნემსს, დამამშვიდებელს გაგიკეთებო, გავითიშე, მთელი ღამე მეძინა. დილით რომ გავიღვიძე, უკვე ამბები დამხვდა, მაგრამ მე მაინც არ ვიცოდი, რომ გარდაცვლილი იყო, ვითომ გარდაცვლილი.

დილით დაურეკეს დედაჩემს და კახას. უკვე ემზადებოდნენ ისინიც ჩამოსასვლელად, პამპერსები, რაღაცები უნდა ჩამოეტანათ და ეუბნება ექიმი, რომ ბავშვი დამძიმდა, სასწრაფოდ ჩამოდითო. ოღონდ, რომ ჩავიდნენ, ათი წუთიც არ უნდოდა ჩემი სახლიდან ჩაჩავამდე ჩასვლას, ეუბნებიან, რომ დაგირეკეთ, უკვე ბავშვი გარდაცვლილი იყო და ვერ გითხარითო.

სახელიც დავარქვი, მერე საბუთებში აღმოჩნდა რომ შეუცვალეს სახელი1, ჩემმა მეუღლემ გაიგიჟა თავი და გამოატანეს. მაგრამ როგორც ჩანს სხვა ბავშვი იყო. იმიტომ რომ ჩემი შვილი იყო შავგვრემანი და გარდაცვლილი ბავშვი იყო თეთრი და ქერა. ოღონდ ეს გაიგეთ მერე.

დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე ნათესავებთან მოკითხვა ვინ ნახა ბავშვი მეთქი, ზუსტად ვიცოდი რომ ის ბავშვი არ არის ჩემი შვილი. პირველი დღიდან ვიცოდი, მერე გვეძახდნენ, რომ თქვენ ანუ ილუზიებში ხართო ორივე.

ოთხი წელი არ იძებნებოდა დაბადების მოწმობა, შემდეგ გამოჩნდა ოღონდ მე დავარქვი მარიამი, იქ არის გატარებული ელენეთი. ჩაჩავაშიც ელენეთი არის გატარებული. თვითონ იყო შოკში ეს ბიჭი, ვაიმე ცოცხალიაო, იმიტომ რომ გარდაცვალება არ არისო და უცბად მიყურებს და არააო, ასე აწერია რომ მოკვდაო, კუთხეში ხელით მიჯღაბნილი მოკვდა.

ჩაჩავაში ჯერ მითხრეს, რომ ყველანაირი საბუთი დამწვარიაო და მერე აღმოჩნდა რომ არ იყო დამწვარი. იქ წერია, რომ ფილტვი არ გაეხსნა და ტვინში გაჟონვა იყო გარდაცვალების მიზეზი. ფილტვი არ გაიხსნა ექვსი საათის მერე?!

ბოლო წლები უკვე დავხურე ეგ თემა, იმიტომ რომ მე თვითონ ძალიან ცუდად ვიყავი რაღაც პერიოდი და ვცდილობ, რომ აღარ ვილაპარაკო მაგ თემაზე. მოლოდინი გვაქვს, გვაქვს და იმედი არის მაინც ცოტა მაგრამ რა ვიცი. ყველაზე მეტად მაგის მეშინია, რომ იმ ჩემმა შვილმა სადღაც რომ გაიგოს, აყვანილია, იქ ჩემი ხელმოწერა არის, შეიძლება რომ მე გავაშვილო? შეიძლება არ დაიწყოს ძებნა ,ყველაზე მეტად რისიც მეშინია“,  - ამბობს ანუკა გიორგელაშვილი.

ნახეთ სრული გადაცემა ↓