„ცხოვრების ნახევარი ექიმებთან, კლინიკებში გავატარე... 44 წლისას დამისვეს დიაგნოზი...“ – ნინო ბაშარული იშვიათი დაავადების შესახებ

ნინო ბაშარული

როდესაც მძიმე დიაგნოზის წინაშე ვდგებით – როგორ გავუმკლავდეთ ახალ სიტუაციას და რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, ამ თემაზე გადაცემაში „იმედის დღე“, ქეთი ასათიანის რუბრიკაში მომღერალმა ნინო ბაშარულმა ისაუბრა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა საზოგადოებას.

„რაც თავი მახსოვს, ჩემი ცხოვრების ნახევარი, ექიმებთან, კლინიკებში გავატარე, თუმცა ვერსად საეჭვო სიტუაცია ვერ აღმოაჩინეს. ეს  მხოლოდ 44 წლის ასაკში მოხდა. დამისვეს დიაგნოზი – ფილტვის სეკვესტრაცია.

ძალიან ბევრ გასტროლს დავაკლდი, შემოქმედებითი საღამოები გავაუქმე, მაგრამ ვფიქრობ, სხვა პროფესია რომ მქონოდა, შეიძლება პნევმონიას შევწირულიყავი, სიმღერა მეხმარებოდა იმაში, რომ ფილტვს აქტიურად ემუშავა, რადგან ამ დროს სწორი სუნთქვა ძალიან მნიშვნელოვანია და ფილტვიც რაღაცნაირად ჯანსაღ მდგომარეობაში იყო.

რაც შეეხება სიმპტომებს, წელიწადში ექვსჯერ, ხანდახან შვიდჯერაც მქონია ფილტვების ანთება, აქედან გამომდინარე, აქტიურ ცხოვრებას მოკლებული ვიყავი, მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი, ხანდახან სიცხიანიც გავდიოდი და ვმღეროდი.

ძირითადი სიმპტომები იყო ოფლიანობა, დაღლა, სისუსტე, დაბალი სიცხეები.. იმის გათვალისწინებით, რომ ბოლოს და ბოლოს  ამ სიმპტომატიკის მიზეზს მივაგენი, დიაგნოზის გაგებასაც პოზიტიურად შევხვდი..

მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ძალიან ფრთხილად მოიხმარონ ანტიბიოტიკები, აუცილებლად დიაგნოზის დასმის შემდეგ, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოიყენონ.

ჩემი ბავშვობა და სტუდენტობა მძიმე ხანა იყო, მაგრამ როგორც კი შემოქმედებითი ცხოვრება დავიწყე, როგორც მომღერალმა, ეს სიმძიმე შემსუბუქდა, ჩემმა პროფესიამ გადამარჩინა.

ოპერაციის შემდეგ, როდესაც ჩამოვედი, მეგობრებმა დაბადების დღე აღმინიშნეს, ჯგუფი „ურსა“ იყო მოსული, ერთად ვიმღერეთ კიდეც და მითხრეს, ძალიან ამბიციური ხომ არ ხარ ქალბატონო, უკვე მღერი კიდეცო.

ოპერაციიდან დაახლოებით, 2 თვე გავიდა. თურქეთის კლინიკაში ლამის ამამღერეს, თუ გინდა გიტარას მოგიტანთ, ბუშტების გაბერვის მაგივრად იმღერეო. ჩემი მთავარი დასაყრდენი ძალა, ჩემი რაჭველი მეუღლე იყო, ერთი წამით არ მომშორებია, ცოტა გავაწამე, მაგრამ ძალიან მედგა მხარში, მისმა რაჭულმა იუმორმა ჩემზე დადებითად იმოქმედა“