„წასვლამდე იყო პირობა, რომ დაბრუნდება“ - პოეტი თემურ ელიავა ომში წავიდა

თემურ ელიავა

უკრაინაში მოქმედ მოხალისეთა ბატალიონს - „ქართული ლეგიონი“, პოეტი თემურ ელიავა შეუერთდა. როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეუღლემ, ანა კუტალიამ განუცხადა, 33 წლის პოეტი უკრაინაში 13 მარტს წავიდა.

ანა კუტალია: მეც ისეთ მდგომარეობაში ვარ, რა გითხრათ, არ ვიცი.. ომის თემაზე საუბრები ყოველთვის იყო. იცით, რომ თემური სოხუმელია და როგორც ჩანს, ომი ბავშვებში კვალს ტოვებს და სულ ჰქონდა განცდა, რომ მაშინ პატარა იყო და არაფრის გაკეთება შეეძლო. წასვლაზე საუბარი რომ დაიწყო, წარმოუდგენელი იყო ჩემთვის, ვიფიქრე, უბრალოდ ამბობს მეთქი.

3 შვილი გვყავს, 2 ბიჭი და პატარა გოგონა. 12, 11 და 5 წლისები არიან. უფროსი შვილი თავიდან ძალიან გაბრაზდა, ახლა მათაც ესმით რა ხდება და ამ ყველაფერს ჩვენთვის რა მნიშვნელობა აქვს. 

- რა ცნობები გაქვთ საომარი ველიდან, ახერხებს კონტაქტზე გამოსვლას?

- როგორც ხდება ხოლმე, ომის ველიდან დაწვრილებით არაფერი ვიცი იმის გარდა, რომ ამ წამს ცოცხალია და ნორმალურად არის. ნორმალურში რას გულისხმობს ვერ გეტყვით...  როცა აქვს შესაძლებლობა, 2-3 სიტყვას მწერს, რომ ვესაუბრო, ამის შესაძლებლობა არ არის. 

- რა დიალოგი შედგა თქვენსა და თქვენს მეუღლეს შორის წასვლამდე, როგორ გააცილეთ?

- წასვლამდე იყო პირობა, რომ დაბრუნდება.