1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თბილისს განსხვავებული კონცეფციის თეატრი შეემატა, რომელიც კლასიკურისგან იმით განსხვავდება, რომ აქ სტუმარი წარმოდგენაზე დასწრებას ვახშმის თანხლებით შეძლებს. Dining Theatre – ასე უწოდებენ მსგავს სივრცეებს დასავლეთში, საქართველოში კი ტერმინიც და ასეთი თეატრიც პირველად გაჩნდა.
მისი შექმნის იდეა „წისქვილი ჯგუფს“ ეკუთვნის, რომელიც ორწლიანი მუშაობის შედეგად სისრულეშიც მოიყვანა. დღეს კი, ახალი, უნიკალური სივრცე სახელად „თეატრი“, უკვე სტუმრებს ელის.
„თეატრის“ ცენტრალური და განუყოფელი ნაწილი სცენაა, რომელზეც ყველანაირი ტიპის წარმოდგენა შეიძლება წარიმართოს. მის გარშემო არსებული პავილიონი კი შესაძლებლობას გვაძლევს მუდმივად შეიცვალოს და ღონისძიების სტილისა და ჟანრის შესაბამისად მოეწყოს. დღეს თუ ასეთ დარბაზს ხედავთ, ხვალ შეიძლება სრულიად სხვანაირი დაგხვდეთ, ზეგ კიდევ ახლებურად გარდაიქმნას“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ დამფუძნებელი და „თეატრის“ მთავარი არქიტექტორი, მამუკა ჩხაიძე.
„თეატრი“ ღიაა ნებისმიერი ჩანაფიქრისა და იდეისთვის. აქ, შესაძლოა, დაესწროთ თეატრალურ დადგმას, საბალეტო და საოპერო წარმოდგენას, კონცერტს, გალა ვახშამს, დაჯილდოების ცერემონიალს, გამოფენას, პრეზენტაციას, კონფერენციას, ტრენინგს, ფესტივალს, კორპორაციულ წვეულებას, ქორწილს, დაბადების დღეს ანუ ყველანაირი მასშტაბისა და ტიპის ღონისძიებას. აღსანიშნავია, რომ დარბაზი 450 სტუმარზეა გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღონისძიებებისთვის განკუთვნილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცეა საქართველოში.
„თეატრი“ გაძლევს საშუალებას მთელი ფანტაზია ამოაფრქვიო და ის შენს ნებისმიერ ჩანაფიქრს, ნებისმიერი ტიპის, სტილისა და ჟანრის ღონისძიებას მოარგო. რაც მთავარია, ის ყველასია – ყველას შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ამ სივრცეში თეატრი იპოვოს“, – ამბობს „თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ზაალ ჩიქობავა.
ახალ მულტიფუნქციურ სივრცეში სანახაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია გასტრონომიაც. როგორც „წისქვილის“ ბრენდ-შეფმა და „თეატრის“ შეფ-მზარეულმა, ალექს ნათაძემ გვითხრა, კერძებიც შოუს ნაწილი იქნება. ეს ნიშნავს, რომ წინასწარ განსაზღვრული მენიუს გარდა, წარმოდგენილი იქნება კონკრეტული ღონისძიებისთვის შექმნილი კერძებიც.
„სტუმრებს „თეატრის“ სამზარეულო მოემსახურება, რომელიც მოიცავს როგორც ტრადიციულ ქართულ კერძებს, ისე მათ ახლებურ ინტერპრეტაციებს. მენიუ შეიცვლება სეზონების მიხედვით, მოერგება ღონისძიების შინაარს, ხასიათსა და სტილს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ „წისქვილის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელ მაღალ ხარისხს და გემრიელი კერძებით „თეატრის“ სტუმრებსაც გავაოცებთ“, – ამბობს ალექს ნათაძე.
მართალია, „თეატრი“ უკვე მასპინძლობს სტუმრებს, თუმცა, სივრცე ოფიციალურად მისი პირველი მასშტაბური წარმოდგენით 25 ნოემბერს გაიხსნება.
„ჩვენი თეატრის პირველ წარმოდგენას The Show ვუწოდეთ, რადგან ის მართლაც იქნება გამორჩეული სანახაობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ ნიკოლოზ რაჭველი, ნინო ანანიაშვილი და მისი საბალეტო დასი, საოპერო მომღერლები და ხელოვნების სფეროს სხვა გამორჩეული წარმომადგენლები. წინასწარ ბევრს ვერაფერს გაგიმხელთ, თუმცა, დარწმუნებული ვართ, ის სტუმრებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი საღამო იქნება“, – ამბობს ზაალ ჩიქობავა.
საბოლოოდ კი, „წისქვილი ჯგუფს“ სჯერა, რომ „თეატრი“ ახალ ჟანრს დაუდებს სათავეს და ახალ სიტყვას იტყვის როგორც ხელოვნების სფეროში, ისე ბიზნეს ინდუსტრიაში.
„სულ მალე კი, სივრცე ერთდროულად გახდება თქვენი საყვარელი ადგილი განტვირთვისთვის, კულტურული ღონისძიებით ტკბობისთვის, გემრიელი კერძების დაგემოვნებისა თუ ბოჰემური გართობისთვის“, – ამბობს „წისქვილი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, ლაშა ჩხაიძე.