ტრადიცია, რომელსაც 17 წელია ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეს მისი სულიერი მოძღვარი აღასრულებს

zura

დღეს ზურაბ ჟვანია 59 წლის გახდებოდა. "ზურა, გვიყვარხარ" - წერს ფეისბუქზე ნინო ქადაგიძე-ჟვანია. "პრაიმტაიმთან" კი იმ ტრადიციაზე ჰყვება, რომელიც ყოველ 9 დეკემბერს სრულდება. 

ნინო ქადაგიძე: – დღეს დილით ფერისცვალების დედათა მონასტერში ზურას სახელზე შეკვეთილ წირვას დავესწარით. ტრადიციულად, ზურას დაბადების დღეს, შეკვეთილ წირვას მისი სულიერი მოძღვარი, მეუფე დანიელი ატარებს. შემდეგ სასაფლაოზე ვიყავით. 

როგორც ნინო ჩვენთვის ადრე მოცემულ ინტერვიუში ჰყვებოდა, ამ ტაძარში ზურას მეგობრები მოღვაწეობენ და უკვე 17 წელია მის სახელზე წირვას თვითონ ატარებენ.

"მადლობელი ვარ დედა მარიამის და მეუფე დანიელის, ამ სათნო ღვთისმსახურების. 

მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ პატრიარქი და ეკლესია ძალიან მოგვეხმარა. ეს ზურგი  რომ არ გვქონოდა, ამ განსაცდელს, ალბათ, ვერ გავუძლებდით.

ხშირად ვსტუმრობდით პატრიარქს, ბავშვებიც მიმყავდა, სადილს ვესწრებოდით და ბევრს ვსაუბრობდით. ზურას დედა, რემა და პატრიარქი ერთ წელს იყვნენ დაბადებულნი, ბევრი ჰქონდათ სალაპარაკო.

უწმინდესი სულ ცდილობს გაგვაგებინოს, რომ გულში შურისძიება და ბოროტება კი არ ვატაროთ, არამედ სიყვარულით გვქონდეს სავსე. ამით იცხოვრა ზურას დედამაც და ჩვენც… და ღვთის იმედით, ასეც გავაგრძელებთ" - ამბობს ნინო.

დღეს საღამოს ზურაბ ჟვანიას ფონდი "წინანდლის პრემიის" დაჯილდოების ცერემონიალს ატარებს. 2022 წლის "წინანდლის პრემიის“ ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების რვა დარგში გამოვლინდებიან.