1773951610
თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წლიურად 5.7 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი, წინა თვესთან შედარებით, 0.4 პროცენტით შემცირდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 5.7-პროცენტიანი მატება.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის იანვართან შედარებით ფასები 2.2 პროცენტით გაიზარდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები -0.5 პროცენტით შემცირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე, რამაც -0.38 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში. ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების კლება კვების პროდუქტებზე (-0.5 პროცენტი) და ძირითად ფარმაცევტულ პროდუქტებზე და ფარმაცევტულ პრეპარატებზე (-6.1 პროცენტი).
გარდა ამისა, ფასების 1.9-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში -0.2 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
„12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 34.2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.19 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (47.6 პროცენტი);
დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 4.1 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 3.24 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (10.3 პროცენტი) და ძირითად ლითონებზე (11.2 პროცენტი);
ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 1.0 პროცენტით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.11 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.16 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.











