თამბაქოს კონტროლის ალიანსი სამთავრობო კომისიის სხდომის მოწყობის ინიციატივით გამოდის

თამბაქოს კონტროლის ალიანსი

თამბაქოს კონტროლის სფეროში მომუშავე ორგანიზაციების ალიანსი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სამთავრობო კომისიის მოწვევის თხოვნით მიმართავს.

საქართველოს თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, მიმართვის საფუძველი გახდა 4 თებერვალს მთავრობის მეთაურის და „ფილიპ მორის ინტერნაციონალის“ აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონის პრეზიდენტ მარკო მარიოტისთან შეხვედრა.

მათივე ცნობით, პრემიერმა შეხვედრაზე საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოსა და ინვესტიციების და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის კუთხით არსებულ პოტენციალზე გაამახვილა ყურადღება.

„სამოქალაქო სექტორი პრემიერ-მინისტრს, როგორც თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეს (აღნიშნული კომისია 2013 წელს ბიძინა ივანიშვილმა შექმნა და თვითონვე ხელმძღვანელობდა) მოუწოდებს, უახლოეს პერიოდში მოიწვიოს კომისიის სხდომა შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით: 2017 წლის 17 მაისს მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების დაწყებიდან გვაქვს პროგრესიც და უკუსვლაც. კერძოდ, 2017 წლის რეფორმის შედეგად ზრდასრულ მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარება 33%-დან (2016 წ.) 24%-მდე (2025 წ.) იკლო, თუმცა ბოლო ხუთ წელიწადში მოზარდებში (15-16 წ.) ელექტრონული სიგარეტის მოხმარება 14%-მდე გაიზარდა.

გაჩნდა ახალი საფრთხეები: ინდუსტრია აქტიურად ეწევა ახალი ლეტალური პროდუქტების (ვეიპები, გასახურებელი თამბაქო – ე.წ. აიქოსი) უკანონო მარკეტინგს. ალიანსი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ აღნიშნული პროდუქტები მავნებლობით ჩვეულებრივ სიგარეტს არ ჩამოუვარდება. გაიზარდა თამბაქოს ინდუსტრიის გავლენები მთავრობაზე. „თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის საერთაშორისო ინდექსით“, საქართველო 2020 წლიდან ლიდერ პოზიციებზეა. კვლავაც დასამტკიცებელია ნორმატიული აქტი, რომელიც ინდუსტრიასა და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. იმ დროს, როდესაც თამბაქოს ინდუსტრია მილიონობით ლარს ხარჯავს უკანონო რეკლამაში და ახალი პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით სამედიცინო პერსონალის მოსყიდვასაც არ ერიდება, გასულ წელს საერთოდ არ ჩატარებულა სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო კამპანია“, – ნათქვამია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ცნობით, „თამბაქოს კონტროლის კუთხით გათვალისწინებული ისედაც მწირი დაფინანსება წელს 33%-ით შემცირდა“.

„ამიტომაც ვითხოვთ: საზოგადოებას მიეწოდოს დეტალური ინფორმაცია Philip Morris-თან გამართულ შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესახებ. ის, რომ შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გახმაურდა, ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო ვალდებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით დაკისრებულ გამჭვირვალობას; დაუყოვნებლივ შეიკრიბოს თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისია ახალი ეროვნული სტრატეგიისა და საკანონმდებლო ინიციატივების განსახილველად; 35-ზე მეტი ქვეყნის (მათ შორის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის) მსგავსად, დაწესდეს შეზღუდვები თამბაქოს ახალი ტიპის პროდუქტების იმპორტსა და რეალიზაციაზე; ამოქმედდეს მექანიზმები, რითიც 2040 წლისთვის საქართველო გახდება თამბაქოსგან თავისუფალი ქვეყანა (მოხმარება 5%-ზე ნაკლები).

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ მოსახლეობის ჯანმრთელობა თამბაქოს ინდუსტრიის ფინანსურ ინტერესებზე მაღლა დააყენოს, როგორც 2017 წელს მოხდა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობასთან ერთად მხარი დაუჭირა თამბაქოს კონტროლის რეფორმებს და დაიცვა საზოგადოების ჯანმრთელობისა და სახელმწიფოს ეკონომიკური ინტერესები. თამბაქოს ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკისთვის ათმაგად დამაზარალებელია, რის გამოც 50-მა ქვეყანამ ინდუსტრიას უკვე დააკისრა მოსახლეობის სამკურნალოდ კომპენსაციების გადახდა. ალიანსი მზად არის, პრემიერ-მინისტრსა და ჯანდაცვის სამინისტროს წარუდგინოს უკვე მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს“, – აღნიშნულია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციაში.