1770722412
ნინო წილოსანი: ნამდვილად შესამჩნევია რადიკალური ცვლილება ევროპელი ლიდერების რიტორიკაში, რომლითაც ისინი პუტინთან კომუნიკაციის არარსებობაზე საუბრობდნენ, ახლა კი მოუწოდებენ ერთმანეთს, რომ მასთან დიალოგი აუცილებელია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი, რუსეთთან მიმართებით ევროპის ქვეყნების ლიდერების შეცვლილ რიტორიკას ეხმაურება.
მისი თქმით, საქმე გვაქვს ან ორმაგ სტანდარტებთან ან ევროლიდერების არასწორ პოლიტიკასთან, რომლითაც საკუთარი ქვეყნები დააზარალეს.
„ნამდვილად გასაკვირი და შესამჩნევია ეს რადიკალური ცვლილება ევროპელი ლიდერების რიტორიკაში, რომლითაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პუტინთან კომუნიკაციის არარსებობაზე საუბრობდნენ, ახლა კი ვხედავთ, როგორ მოუწოდებენ ერთმანეთს და აგულიანებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტთან დიალოგი აუცილებელია. თავისთავად ეს არის ერთის მხრივ უგუნური პოლიტიკის შედეგი, რომლითაც მათ საკუთარი ქვეყნები ყველაზე მეტად დააზიანეს. ჩვენ ვხვდებით, რომ ევროკავშირი ამ პროცესებიდან საკმაოდ დაზიანებული გამოდის. ან ეს არის ორმაგი სტანდარტი“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყების აუცილებლობაზე ევროპელი ლიდერები უკვე ღიად ალაპარაკდნენ - მათ შორის არიან ფრიდრიხ მერცი, ემანუელ მაკრონი და ჯორჯა მელონი.









