სუნელ-სანელებლებში საღებავები გამოვლინდა - სეს-ი განცხადებას ავრცელებს

სეს-ი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუნელ-სანელებლების ლაბორატორიული შემოწმების შედეგად რამდენიმე პროდუქტში სუდანის ჯგუფის აკრძალული აზო-საღებავები გამოავლინა. დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აღნიშნული პროდუქციის რეალიზაცია აეკრძალათ, ბაზრიდან მათი ამოღება კი უკვე მიმდინარეობს.

სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან სექტემბერში სუნელ-სანელებლის 44 ნიმუში აიღო. ლაბორატორიული კვლევა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა.

ლაბორატორიული კვლევის თანახმად, დარღვევა გამოვლინდა შემდეგ პროდუქტებში:

წითელი წიწაკა (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს „Beyza Gida San Tic“. აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV.

სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 21.05.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 21.05.2028) – მწარმოებელი შპს „იგოეთი“ (ს/კ 432549361; მისამართი: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი). აღმოჩნდა Sudan I და Sudan IV.

ფარშის საკმაზი (დამზადების თარიღი: 29.06.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 29.06.2028) – მწარმოებელი შპს „დაბი“ (ს/კ 401946392; მისამართი: დიდი ლილო, ვარკეთილის მეურნეობა). აღმოჩნდა Sudan Red G.

სვანური მარილი (დამზადების თარიღი: 15.09.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 15.09.2027 წელი) – მწარმოებელი შპს „ნთკ 2016“ (მისამართი: ქობულეთის რაიონი, სოფელი ქვედა კვირიკე/ბობოყვათის შესასვლელი). აღმოჩნდა Sudan I.

აღნიშნული დარღვევების გამო ბიზნესოპერატორებს აეკრძალათ დასახელებული სურსათის რეალიზაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით მიმდინარეობს სუნელ-სანელებლების ბაზრიდან ამოღება/გამოთხოვა.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, თუ შეძენილი აქვთ დასახელებული სურსათი, არ გამოიყენონ.

სუდანის ჯგუფის საღებავები სურსათში ბუნებრივად არ გვხვდება. ისინი მიეკუთვნება ხელოვნური აზო-საღებავების ჯგუფს და არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატებს.

სურსათში შემდეგი საღებავების გამოყენება აკრძალულია:

Sudan I
Sudan II
Sudan III
Sudan IV
Sudan Orange G
Sudan Red G
Sudan Red 7 B
Sudan Red B

რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.

დღეის მონაცემებით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნულ სააგენტოს აღებული აქვს სუნელ-სანელებლის 94 ნიმუში. აკრძალული საღებავები გამოვლენილია 5 ნიმუშში.

✕