გიგა ავალიანის საქმიდან გამოყოფილი საქმის პროკურორი: მოწმეებმა მოახდინეს ბრალდებული პირების ვიდეოჩანაწერებში იდენტიფიკაცია

ქეთევან სონიძე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმიდან გამოყოფილ საქმეზე, ძალადობით ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობის ფაქტებზე დაკავებული ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის პროცესი გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს და მოწმეები დაკითხეს. პროკურატურა დაკავებულებს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

გამოძიების ინფორმაციით, ისინი, სხვა პირებთან ერთად, ფიზიკურად გაუსწორდნენ წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს და ძალადობის პროცესი მობილური ტელეფონით გადაიღეს.

როგორც პროკურორი, ქეთევან სონიძე აღნიშნავს, დაიკითხა 2 მოწმე, რომლებმაც შეძლეს ვიდეოჩანაწერებში აღნიშნული ბრალდებულების იდენტიფიკაცია.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების: ირაკლი სულაბერიძისა და დემეტრე კასრაძის მიმართ ბრალდების მხარემ გამოიკვლია ორი მოწმის ჩვენება. კერძოდ, დაიკითხა საქმის ფაქტის თვითმხილველი ორი მოწმე, რომლებმაც მოახდინეს ვიდეოჩანაწერებში აღნიშნული ბრალდებულების იდენტიფიკაცია. ორივე მათგანმა ცალსახად მიუთითა, რომ კადრში ასახული პიროვნებები, რომლებიც ძალადობენ ერთ-ერთ პიროვნებაზე, რომელიც მიწაზეა წაქცეული და თავს ვერ იცავს, იმდენად ინტენსიური თავდასხმა ხორციელდება მასზე. ამ ვიდეოკადრებში ასახული ორი პიროვნება ნამდვილად არის ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე", - აცხადებს ქეთევან სონიძე.

✕