"სულ ვეძებდი ამ სიზმრად ნანახ ტაძარს. და როგორც კი ფეხი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში შევდგი..." - დედა ელისაბედი სასწაულზე ჰყვება

dedao

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე მამა ვიტალისთან დაკავშირებულ ისტორიას და სიზმრად ნანახ სასწაულს იხსენებს. წმინდა ბერი, რომელიც მის საფლავთან თხოვნით მისულთ, სასწაულებს უვლენს, თბილისში ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოშია დაკრძალული. დედა ელისაბედი ამ ტაძარში მოღვაწეობს. მან "პრაიმშოუს" მაყურებელს შემდეგი რამ უამბო.

იღუმენია ელისაბედ ზედგინიძე: სამთავროს დედათა მონასტერში 90-იან წლებში მივედი. მაშინ მონასტრები არ იყო კეთილმოწყობილი.

ყველა ებრძოდა ჩემს მონასტერში წასვლას, მშობლებიდან დაწყებული, რადგან ჩემს პროფესიაში წარმატებული გახლდით. ამდენად ჩემი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. ამ წინააღმდეგობებისგან დავიღალე. მამა გაბრიელი მანუგეშებდა. ფაქტობრივად, სამი წლის მანძილზე, ის იყო ჩემი სულიერი მოძღვარი. ცოტა ხანი სახლში წადიო, მითხრა. ოღონდ მამა ვიტალისთანაც მიდი და უთხარიო.

მაშინ მამა ვიტალი დიდუბეში ცხოვრობდა. მამა გაბრიელთან უშუალო დამოკიდებულება მქონდა და მამა ვიტალიზე კი გზაში ვფიქრობდი, ასკეტი ბერია და მკაცრი იქნება-მეთქი. ვიდექი კართან და უკან ხომ არ გავბრუნდე-მეთქი, ამ ფიქრებში ვარ, რომ უცებ გაიღო კარი, გამოიხედა, მომკიდა ხელი შემიყვანა და ჩემს წინაშე დაიწყო მეტანიების კეთება. ხელებზე მემთხვეოდა. თან ტიროდა. რატომ ფიქრობდი, რომ მე ძალიან მკაცრი ვარო, მითხრა. ნურავის უსმენ, წადი, დაბრუნდი მონასტერში, შენი ჯვარი მონასტერია, უფალი გამცნობს, რა უნდა გააკეთო და საერო ცხოვრებას არ დაუბრუნდებიო; მანამდე ორი კვირით სახლში დაბრუნდიო.

დავბრუნდი და საშინელი განსაცდელი მოგვევლინა ოჯახში. მივხვდი, რომ ეს იყო ნიშანი. დედაჩემი ამბობდა, ეს ახლა ღმერთს მიაწერს ამ ყველაფერსო. დავჯექი და ვტიროდი. თან თითქოს ჩამეძინა. ვხედავ, რომელიღაც ტაძარში ვარ და გულამოსკვნილი ვტირი და მხარზე შემეხო ვიღაც:  ნუ ტირი, შენი ჯვარი მონასტერია, წადი და არასდროს უკან არ მიიხედოო. შევხედე და თეთრწვერა კაცი იყო და კადნიერად ვკითხე: შენ ვინ ხარ-მეთქი? მე მამა ვარო, ის (ჯვარცმაზე მიმითითა) - ჩემი ძეა და ის კიდე - სული წმინდაო, მტრედი დამანახა. ჩვენ ვართ სამება ერთ არსება, გაკურთხებთ წახვიდე მონასტერშიო.

მას შემდეგ მონასტერში ვარ.

მერე სულ ვეძებდი ამ სიზმრად ნანახ ტაძარს. წმინდა ნინოს გზაზე სამი წელი ვიარე, პატრიარქის კურთხევით, მთელი საქართველო მოვიარე. ვერსად ვნახულობდი მსგავს ტაძარს და... 2000 წელს უწმინდესმა წამიყვანა იერუსალიმში. ოთხი მონაზონი იქ დაგვტოვა, როგორმე იქნებ ჯვრის მონასტერი დააბრუნონო. როგორც კი ფეხი შევდგი აღდგომის ტაძარში, მივხვდი, ეს ის ტაძარი იყო. გოლგოთა მარჯვნივაა, სადაც ვნახე ის ჯვარცმა, რომელიც სიზმარში ათი წლის წინ ვნახე. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სასწაული. 

 

ასევე დაგაინტერესებთ:

"მთელი ღამე ივერის ღვთისმშობელი ცაში იდგა და მეომრებს ჯვარს გვსახავდაო..." - ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული

"აქ გალობის უფლებას არ გაძლევენ. თუმცა, დღეს დედა ღვთისმშობელმა ინება და... შესავედრებლადაც დავყოვნდით" - რას გვიყვება ბექა ჩხაიძე ათონის მთიდან

"გაღვიძებისთანავე, კანკალით, ჯვარი ჩამოხსნა და იმდენი კოცნა, გაოგნებულები ვუყურებდით დათის… არავინ იცის, სად იმოგზაურა..." - დათი ქოქრაშვილთან დაკავშირებული სასწაულები