პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პოეტი ლაშა მარგიანი წლების წინ მომხდარ ამბავს იხსენებს და სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს კაცზე, რომელიც ახალი წლის ღამეს ყველამ მიატოვა.
„წლების წინ, წინასაახალწლო პერიოდში, ერთ ღამეს, ძალიან შემაგვიანდა სახლში დაბრუნება.
მაშინ რუსთავში ვცხოვრობდი და ვაგზლიდან უნდა გავყოლოდი რამეს. უკანასკნელ მარშუტკას მივუსწარი როგორღაც.
ავედი და როგორც ხდება ხოლმე, მძღოლმა ორი ადგილი დარჩა და მოდი ბარემ ეს ორი ადგილიც შეივსოს და მაშინვე დავიძრებიო.
ამ დროს ერთი არყით გაჟღენთილი კაცი ამოვიდა, გაყვითლებული წვერით, ბინძური ტანსაცმლით, სავარაუდოდ, ლოთი უნდა ყოფილიყო, საშინელი სუნი ასდიოდა.
რაღაცნაირად არცერთ მგზავრს არ გვესიამოვნა მისი მარშუტკაში ამოსვლა.
მძღოლისკენ გადაიხარა და ფული არ მაქვს, ძმურად ისე გამიყოლეო, გულწრფელი, სუფთა ღიმილით სთხოვა.
მძღოლმა ძალიან ამრეზით შეხედა, თავიდან ყოყმანი დაიწყო, ადგილს ტყუილად დაიკავებო, მეც კაპიკებზე ვმუშაობო, ისაო, ესაო, ვერაო, მაგრამ ბოლოს მაინც ჯანდაბას, დაჯექიო.
დაჯდა ეს არყის სუნით გაჟღენთილი კაცი, რაღაცნაირად თავისთვის, ჩუმად და საწყლად.
ჩვენ გვერდით იყო, მაგრამ თითქოს ჩვენთან ერთად არ იყო.
უცებ ერთ-ერთ მგზავრს, გოგოს, საშინელი ხველა აუტყდა, ლამის დაიხრჩო ისეთი.
არა და არ ჩაუცხრა, უკვე სუნთქვა უძნელდებოდა იმ დონემდე მივიდა.
ატყდა ჩოჩქოლი, ყველა რაღაც რჩევას აძლევდა, იქნებ ამან გიშველოსო, იქნებ იმანო, ვიღაცამ დაიყვირა წყალი უეჭველად უშველისო.
მივიხედ-მოვიხედეთ და ყველა მაღაზია დაკეტილი აღმოჩნდა, სიგარეტის ჯიხურებიც კი.
აბა ამ დროს საიდან მოვიტანოთ ახლა წყალიო, ესეც წამოსცდა ვიღაცას.
რეალურად არცერთი არაფრის გამკეთებელი არ აღმოვჩნდით, მხოლოდ ცარიელ სიტყვებს ვისროდით, ვითომ დასახმარებლად.
ამ ღრიანცელში კი როგორღაც ეს მთვრალი კაცი თითქოს გამოფხიზლდა, გამოერკვა, წამოდგა ფეხზე და მე მოვიტან წყალს ახლავეო.
კი მაგრამ საიდანო, ჩაეკითხა ვიღაცა, ერთი ადგილი ვიციო, ბოთლი მჭირდებაო მხოლოდ, ან ჭიქაო. მძღოლმა რაღაც ცარიელი ბოთლი გამოიღო თავისი სავარძლის ქვეშიდან და გაუწოდა. თვალის დახამხამებაში გაუჩინარდა ლოთი, გოგონასთვის წყლის მოსატანად.
ამავდროულად მარშუტკაში ორი ბიჭი ამოვიდა, არის ადგილებიო? ის მოხუცი კაცი რახან გადავიდა, მარშუტკაში ზუსტად ორი ადგილი გათავისუფლდა, ერთი ის, რომელზეც თვითონ იჯდა და მეორე ისედაც შესავსები.
გოგონამ ხველება შეწყვიტა და სანამ ვინმე რამეს ეტყოდა ამ ახლად ამოსულ ბიჭებს, მძღოლმა ერთი კაცის მგზავრობის ფულს, ლარნახევარს დახარბებულმა გასძახა, კი ზუსტად ორი ადგილია თავისუფალი, მალე დაჯექით და წავიდეთო.
რაღაცნაირად ყველას ხმა ჩაგვივარდა, სიტყვები სასულეში გადაგვცდა.
არავინ არაფერი არ ვთქვით. თითქოს იმხელა ძალა და გაბედვა დასჭირდა ხმის ამოღებას, როგორც მაშინ არავის აღმოხდა სხვა სიტყვები, როცა ქრისტე პილატეს წინ იდგა და ყველა ჯვარს აცვეს გაჰყვიროდა.
დაჯდა ეს ორი ბიჭი, კარი მოიხურეს და მარშუტკაც დაიძრა. მხოლოდ ფანჯრიდან მოვკარი თვალი, ის არყითგაჟღენთილი ლოთი, წყლით სავსე ბოთლით ხელში, ჩქარი ნაბიჯებით როგორ მოდიოდა ჩვენკენ, ოღონდ იმიტომ კი არ ჩქარობდა, მარშუტკას არ გაესწრო მისთვის, იმ გოგონას გულისთვის ეჩქარებოდა, მალე რომ მიეტანა მასთან წყალი. ეტყობა სწრაფად ავსებდა ამ ბოთლს და ტანიც დასველებოდა.
ქუჩის ყველა განათებაზე უფრო ნათელი გახდა, ყველა ვარსკვლავზე უფრო თბილი, მაგრამ ის მარტო დარჩა, ჩვენგან მიტოვებული. ზამთარი იყო, ციოდა, კი არ ციოდა, ყინავდა.
ასე მივატოვეთ შუა ზამთარში, შუაღამით, შუა გზაზე, ერთი უარაფრო და უარავინო კაცი.
კაცი კი არა, ღმერთი. ჰო, ის ღმერთს უფრო ჰგავდა იმ მომენტში, ვიდრე კაცს.
დღემდე არ ვიცი, ღამე სად ან როგორ გაათია, როგორ შეიშრო ტანზე სველი ტანსაცმელი, ან შეიშრო თუ არა საერთოდ, იქნებ მიეყინა, ან ის წყლით სავსე ბოთლი სად წაიღო, რა ბედი ეწია, ან რა გაიფიქრა, როცა მიხვდა, რომ მივატოვეთ, განა ერთმა ან ორმა, ყველამ ერთად რომ მივატოვეთ.
არ ვიცი, რა დამემართა მაშინ, რა დაგვემართა ჩვენ ყველას ერთად. ჩვენ ზუსტად ისეთები ვიყავით მაშინ, როგორც იმ ლექსში მიწერია: "ისინი თითქოს არ მრუშობენ, არ იტყუებიან, ცილს არ სწამებენ, კერპებს არ ეთაყვანებიან,
კაცს არ კლავენ, ლოცულობენ, მარხულობენ, აღმსარებლები არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ თავისუფლად გაცვან ჯვარზე." სულ რაღაც ლარნახევარი დააკლდა, რომ ადამიანად ჩაგვეთვალა, მიგვეღო, შეგვემჩნია, მიგვეცა ჩვენ გვერდით ყოფნის უფლება.
მაშინ მეგონა ეს მას სჭირდებოდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მას კი არა, ჩვენ გვჭირდებოდა, ჩვენ ვინც მას ასე მოვექეცით, ჩვენთვის იყო სასიცოცხლო იმ მომენტში მისი ჩვენ გვერდით ყოფნა. "არაფერი არ შეცვლილა, ღმერთო, ყველაფერი ისევ ისეა, როგორც იყო... როგორც იქნება... ხელებში ქვები გვიჭირავს, გულუბრყვილო და სათნო თვალებით კი თითქოს მთელი ცხოვრება ცას ავყურებთ, რომ არ გამოგვრჩე, რომ თუ იქ შემთხვევით თვალი მოგკარით, ცრემლის ღვრითა და მჯიღის ცემით დავემხოთ შენ წინაშე, მაგრამ თუ მიწაზე გამოჩნდი, განწირული ხარ." რამდენი ახალი წელიც დადგება ჩემთან ერთად, იმდენჯერ, ცხოვრების ბოლომდე გამყვება ეს სევდა.
რატომ ვწერ ახლა ამ ყველაფერს, წლების შემდეგაც? იმიტომ, რომ ფოიერვერკებით განათებული ცის ქვეშაც, ათასობით ადამიანის სიხარულისა და გართობის ფონზე, სადღაც ახლაც ხდება ასეთი ამბები, სადღაც ყოველთვის ხდება ასეთი ამბები, იმ განსხვავებით, რომ მათ არსად არავინ მოყვება", - წერს პოეტი ლაშა მარგიანი სოციალურ ქსელში.