ცნობილია, ვის შეეხება 3+1 სისტემა უნივერსიტეტში და როდიდან იგეგმება მისი ამოქმედება – განათლების მინისტრის განმარტება

გივი მიქანაძე

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, 3+1 სისტემა, რომელიც 3-წლიან ბაკალავრიატს და 1-წლიან მაგისტრატურას გულისხმობს, არ შეეხებათ მათ, ვისაც დღეის მდგომარეობით სტუდენტის სტატუსი აქვთ.

როგორც განათლების მინისტრი აღნიშნავს, მთავრობის გეგმით, 3+1 სისტემაზე გადასვლა წლევანდელ აბიტურიენტებს [პირებს, რომლებიც მომავალ წელს სტუდენტები გახდებიან] მოუწევთ.

„რომ გადავავლოთ თვალი სხვადასხვა ფაკულტეტს, დავინახავთ, რომ არის საგნები, რომელთა საჭიროება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მაშინ, როდესაც თუკი, დავტოვებთ იმ ძირითად მოცემულობებს, რომლებიც აუცილებელია კონკრეტული პროფესიისა და კვალიფიკაციის მისაღებად საუნივერსიტეტო დონეზე, თავისუფლად შეგვიძლია, რომ ეს 3-წლიან საბაკალავრო პროგრამაში ჩავსვათ… ეს პროცესები არ შეეხება მას, ვისაც დღეის მდგომარეობით სტუდენტის სტატუსი აქვს. მათზე ეს არ გავრცელდება. ეს პროცესები დაინერგება და გარდამავალ პერიოდში და იქნება უკვე შემდეგი წლის მიღებიდან დაწყებული – ანუ, შემდეგი წლის მიღებიდან ვგეგმავთ 3+1 სისტემის შემოღებას კონკრეტულ ფაკულტეტებზე“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

მისივე მტკიცებით, 3+1 სისტემაზე გადასვლა არ ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს, მეტიც, გივი მიქანაძე ამბობს, რომ თავად სისტემა მოქნილია და ამოქმედების შემდეგ, ორიენტირებული სტუდენტის ფუნდამენტური და აუცილებელი ცოდნით აღჭურვაზე იქნება.

„ეს არ არის ის მოცემულობა, რომელიც საქართველოში პირველად შემოვა. ევროპის არაერთ ქვეყანაში წლებია ხდება გადასვლა 3-წლიან საბაკალავრო და 1-წლიან სამაგისტრო სისტემაზე. ამის მთავარი მიზანი რა არის? – კონკრეტული პროფესიების მიმართულებით, პროფილურად, სტუდენტები ჩვენ ძირითადი ფუნდამენტური ცოდნით უნდა აღვჭურვოთ. შესაბამისად, მივცეთ საშუალება, რომ ბაზარზე თავი რაც შეიძლება მალე დაიმკვიდროს ადამიანმა და თავის კარიერულ წინსვლას შეუდგეს. ამიტომ, 3+1 სისტემა არის მოდელი, რომელიც საქართველოშიც კი უკვე რამდენიმე წელიწადია, რამდენიმე მიმართულებაზე არის დანერგილი და ევროპის არაერთ ქვეყანაში ეს წლების განმავლობაში მოქმედებს. სისტემა ბოლონიის პროცესთან არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის, არის მოქნილი და რაც მთავარია, ორიენტირებულია ისეთ მოცემულობებზე, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ფუნდამენტური და აუცილებელი ცოდნით აღჭურვის შესაძლებლობას იძლევა“, – აღნიშნა განათლების მინისტრმა 17 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

გივი მიქანაძის განცხადებით, უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომლის ნაწილიცაა 3+1 სისტემა და რომელიც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას 16 ოქტომბერს წარუდგინა, შესაბამისი განხილვების შემდეგ, მთავრობის მიერ დამტკიცდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კი მუშაობას შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე დაიწყებს.