შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შსს

„ქართული ოცნების“ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდება. ამასთან დაკავშირებით განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობითვე, დაწესებული შეზღუდვა 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან, შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს.

მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, შსს მოუწოდებს მოქალაქეებს, თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 23 ოქტომბერს, თბილისში დაგეგმილია პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო დასკვნითი ღონისძიება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა.

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაგეგმილი შეკრება იქნება მასშტაბური, ვინაიდან გარდა დედაქალაქში მცხოვრები მოქალაქეებისა, ღონისძიებას რეგიონებიდან ჩამოსული პირებიც შეუერთდებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით, მობილიზებულები იქნებიან ღონისძიების ადგილსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.

მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.

ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს.

მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - ნათქვამია განცხადებაში.