ვრცელდება ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება
1750146090
გუშინ გარდაცვლილ ლეგენდარულ მშვილდოსანზე, ოლიმპიურ ჩემპიონ ქეთევან ლოსაბერიძეზე იუმორისტი გოჩა თანდარაშვილი საინტერესო ისტორიას იხსენებს.
„სტუდენტობისას ჩემმა ძმაკაცმა მთხოვა, მათემატიკაში მაქვს სემესტრული გამოცდა, ლექტორი სახეზე არ მიცნობს და ჩემს მაგივრად იქნებ შეხვიდეო. ორივე ხუჭუჭები ვიყავით, ისედაც ვეშლებოდით ვიღაცებს ერთმანეთში და ჩათვლის წიგნაკის შავ-თეთრ ფოტოშიც ადვილად შეიძლებოდა მოტყუებულიყავი. ოღონდ, იცოდე, ხუთიანი არ მიიღო, სამიანი მიიღე, ჯგუფში მათემატიკა არავინ იცის და ხუთიანზე ეჭვები გაჩნდებაო.
ორი ქალი იყო გამომცდელი. მოგვცეს საკითხები და დავიწყე ზანტად წერა. კია უმაღლესი მათემატიკა, მაგრამ ვეკუელისთვის ადვილი საკითხებია. აქეთ-იქით ძმაკაცის ჯგუფელებსაც წავუკარი ხელი. გავიდა რაღაც დრო და აბა, ვინ გამოვაო. მეთქი, გამოვალ. აუ, არ გახვიდეო, ჯგუფელი მეუბნება, ჯერ მოგვეხმარეო. მეთქი, მოიცა, ძამიკო, ამ დროს გარეთ უკვე ფული გროვდება ხოლმე - ციურის 1.5-ლარიანი ჭაჭა, ფანტა და „პალიანკაზე“ დალევა მიდის. აუდიტორიაში ვიჯდე?
გავედი, დავჯექი, დავიწყე რაღაცების მოყოლა. არადამაჯერებლად ვყვები, სამიანზე. ეს როგორ გააკეთეო - მეთქი ასე. ესო? ეს ასე. ეს არ იცოდიო?... და იყივლა მათემატიკამ, დამავიწყდა სამიანი და გავუტიე... კი ვიცოდი, ასე უნდა-მეთქი. ეს ასე, ეს ასე... ეს ჯერ არ გვისწავლიაო, მეორე სემესტრში უნდა ვისწავლოთო და საიდანო? მეთქი, რავი, ვიცი. აბა ესო? აბა ისო? საიდან ესენიო? ერთ ქალბატონს განსაკუთრებით უხარია, მეკითხება, რატომ არ დადიოდი ლექციებზეო? მეთქი, აი, მან-სან-კანი, მოგზაურობები მიწევს...
დამიწერეს ხუთიანი, ჩამეხუტა ეს საყვარელი ქალბატონი, მომეფერა, ალალად უხარია... გამოვედი, ჩავხედე გვარს და წერია ქეთევან ლოსაბერიძე! ვაჰ, ქეთევან ლოსაბერიძე ვიცი, რომ ოლიმპიური ჩემპიონია მშვილდოსნობაში. ფოტოები გამახსენდა მომენტალურად და აუ, ეგაა! ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში და თურმე, მათემატიკის ლექტორიც... და მე ხომ ეს სპორტსმენები ძალიან მიყვარს და შემრცხვა. შემრცხვა, რომ მოვატყუე. თან როგორ გაუხარდა და როგორ მეფერა...
და კაი ხნის მერე, რომ შევხვდი შემთხვევით, მივედი, მოვუყევი და ბოდიში მოვუხადე. იცინა და ისევ ჩამეხუტა
დღეს გარდაცვლილა... ძალიან ტკბილი და თბილი ქალბატონი, პირველი ევროპელი ოლიმპიური ჩემპიონი მშვილდოსნობაში და მათემატიკის უსაყვარლესი ლექტორი“, - წერს თანდარაშვილი.
ცნობისთვის, ცნობილი ქართველი მშვილდოსანი, ოლიმპიური ჩემპიონი ქეთევან ლოსაბერიძე გუშინ, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა.