„4 დღე კომაში იყო“ – ანა მიქაძე ყვება, როგორ მოიწამლა მისი შვილი ყველით და რას ურჩევს მომხმარებლებს
1783373120
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს აცნობებს, რომ გადამხდელების ინტერესების გათვალისწინებითა და ნებაყოფლობითი კანონშესაბამისობის მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით, 2026 წლის 1 ოქტომბრიდან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების ახალი გამარტივებული წესი ამოქმედდება.
„შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, ნებაყოფლობით, საცდელ რეჟიმში უკვე მიმდინარეობს, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისთვის მათ ავტორიზებულ გვერდებზე საინფორმაციო ხასიათის, მოკლე ტექსტური (SMS) შეტყობინების გაგზავნა - საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურების შესახებ.
აქვე განვმარტავთ, რომ მხარის მიერ, ანგარიშ-ფაქტურის დაუდასტურებლობის გამო, ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება შესაბამისი დღგ-ის დეკლარაციის ვადაში ანგარიშ-ფაქტურების დროული წარდგენა, რაც იწვევს დამატებით დაზუსტებული დეკლარაციების წარმოდგენის ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უწყების მიერ მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დაუდასტურებლობის შემთხვევაში, მიმღები მხარის მიმართ მომხდარიყო შემოსავლების სამსახურის სერვისებზე შეზღუდვის დაწესება. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ, მიმღებ მხარეს საანგარიშო პერიოდის (ერთი თვის შემდეგ) დასრულებიდან მომდევნო თვის 5 რიცხვში (ყოველი თვის 5 რიცხვში) დაუფიქსირდება დასადასტურებელი საფ-ი/ნსაფ-ი, გადასახადის გადამხდელის ავტორიზებულ გვერდზე მთავარ მომხმარებელს, ასევე ქვე-მომხმარებელს შეეზღუდებათ ყველა სერვისით სარგებლობის უფლება, გარდა ანგარიშ-ფაქტურების/სპეც ანგარიშ-ფაქტურების მოდულებისა. ამასთან, ავტორიზებული ვებგვერდით სარგებლობისას, ყოველი შესვლისას, მომხმარებელს გამოუჩნდება წითელი ფერის სავალდებულო შეტყობინება, შემდეგი შინაარსით - „გაცნობებთ რომ გიფიქსირდებათ დასადასტურებელი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. აღნიშნულის გამო, ავტორიზებულ გვერდზე - www. service.rs.ge შეგეზღუდათ სერვისებით სარგებლობის უფლება. სერვისებზე წვდომა აღდგება მყისიერად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის/სპეც ფაქტურ(ებ)ის დადასტურების ან უარყოფის შემდეგ”.
აღნიშნულის გათვალისწინებით, დროულად მოხდება ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურება, რათა მომსახურების მიმღებმა მხარემ მარტივად შეძლოს შესაბამისი დღგ-ის თანხის ჩათვლა და მხარეებისთვის (როგორც ანგარიშ-ფაქტურის გამომწერის ასევე მიმღების) შეიქმნას სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო. ამასთან, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დროული დადასტურება შეამცირებს საგადასახადო შემოწმების რაოდენობას და გააუმჯობესებს, როგორც რისკების იდენტიფიცირების სიზუსტეს, ასევე პრევენციული ღონისძიებების ეფექტიანობას“, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.