შეიცვლება თუ არა მოსკოვის გამზირის სახელი - რას ამბობს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე

მოსკოვის გამზირი

ოპოზიციური ფრაქცია თბილისში, მოსკოვის გამზირისთვის სახელის გადარქმევას და ამ ქუჩისთვის უკრაინის დედაქალაქის კიევის სახელის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.

ინიციატივას  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა.

როგორც ზურაბ აბაშიძე ამბობს, ქუჩის ან გამზირის სახელდებას შესაბამისი პროცედურები აქვს და საკრებულოს საკითხის განხილვისთვის მზად არის.

„2008 წელს, როდესაც მოხდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი კუთხეების ოკუპაცია, მაშინ ის ძალა იყო ხელისუფლებაში, ვინც ახლა ამ ქუჩის სახელის გადარქმევას ითხოვს. მაშინ რატომ არ გადაარქვეს სახელი?

მინდა შევახსენო ჩვენს ოპონენტებს, რომ კიევის ქუჩა თბილისის ჩუღურეთის რაიონში არსებობს. ამასთან, ნებისმიერი პროცედურას, რომელიც დაკავშირებულია ქუჩების სახელების ცვლილებასთან, თუკი არ იციან, ვაცნობებ, რომ განიხილავს საკრებულოს შესაბამისი კომისია, რომელიც ასეთ საკითხებზე მუშაობს.

წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციებით. ქუჩის სახელის ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური თემა არ არის, ასეთ საკითხებს სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათთან შეჯერებით. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის და ამ საკითხის განხილვისთვის. არა პოპულიზმით და არა ემოციების ფონზე,“- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.