„შაქრის მაქსიმალური დღიური ნორმა სქესის მიხედვით განსხვავდება“ – ნუტრიციოლოგი მარი მალაზონია

მარი მალაზონია

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი მარი მალაზონია“ შაქრის დღიურ უსაფრთხო რაოდენობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ამერიკის გულის ასოციაციის რეკომენდაციით, შაქრის მაქსიმალური დღიური ნორმა სქესის მიხედვით განსხვავდება:

ქალებისთვის – არაუმეტეს 6 ჩაის კოვზისა

მამაკაცებისთვის – არაუმეტეს 9 ჩაის კოვზისა

„აღნიშნული რაოდენობა მოიცავს არა მხოლოდ ფხვნილის სახით დამატებულ შაქარს, არამედ საკვებსა და სასმელში უკვე არსებულ შაქარსაც. ამიტომ მნიშვნელოვანია, მომხმარებლებმა ყურადღებით წაიკითხონ პროდუქტის ეტიკეტები“, – ამბობს ნუტრიციოლოგი.

მისი განმარტებით, თუ ადამიანი დღის განმავლობაში მოიხმარს ტკბილ გაზიან სასმელს, დესერტს ან მზა პროდუქტს, ეს შაქარი ავტომატურად ემატება დღიურ ნორმას და შესაძლებელია ზღვრის გადაჭარბება, მაშინაც კი, თუ ჩაიში ან ყავაში შაქარი არ დაუმატებია.

ექიმები შაქრის ჭარბ მოხმარებას გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, ჭარბ წონას, მეტაბოლურ დარღვევებსა და შაქრიან დიაბეტს უკავშირებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ნაკლებად დამუშავებული პროდუქტების არჩევასა და ტკბილი სასმელების შემცირებას გვირჩევენ.

შაქრის შემცველობის მაგალითები:

250 მლ ტკბილი გაზიანი სასმელი – 6–7 ჩაის კოვზი შაქარი

ერთი კანფეტი – 1 ჩაის კოვზი

ტორტის ერთი ნაჭერი (100–120 გ) – 6–9 ჩაის კოვზი

ფუნთუშა (70–90 გ) – 3–5 ჩაის კოვზი

რაც შეეხება იოგურტს, უშაქრო იოგურტი შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ ლაქტოზას (დაახლოებით 1 ჩაის კოვზი), ხოლო ხილისა და დესერტის ტიპის იოგურტებში შაქრის რაოდენობა 3–7 ჩაის კოვზამდე აღწევს.

სპეციალისტები გვირჩევენ, უპირატესობა უშაქრო იოგურტს მივანიჭოთ და გემო თავად გავამდიდროთ ხილით ან თხილეულით.