შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, სვეტიცხოვლობისადმი მიძღვნილ საზეიმო წირვას დაესწრო

შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად, მცხეთაში, სვეტიცხოვლობისა და საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას დაესწრო.

შალვა პაპუაშვილმა, საზეიმო ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ, სვეტიცხოვლის ტაძარში შეკრებილებს მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ისტორიული სვეტიცხოვლობაა, ჩვენ აღვნიშნავთ თარიღს, როდესაც 1700 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა მიიღეს გადაწყვეტილება და შეუდგნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, შეუდგნენ გზას, რომელსაც ისინი გოლგოთასავით გადიოდნენ და არც ერთხელ არ გადაუხვევიათ . 1700 წლის წინ, აქ, ამ ადგილას, მეფე მირიანმა უბრალოდ ახალი რელიგია არ მიიღო, მან მიიღო ახალი ღირებულებითი სისტემა და ახალი კულტურული კალაპოტი მისთვის და მისი ხალხისთვის. რომ არა ქრისტიანული კულტურული კალაპოტი, ჩვენ არ გვექნებოდა „ვეფხისტყაოსანი“, არ გვექნებოდა „შენ ხარ ვენახი“, არ გვექნებოდა ქართული მრავალხმიანობა, არ გვეყოლებოდა ვაჟა და ილია. რომ არა ქრისტიანული ღირებულებითი სისტემა, ჩვენ არ ვიქნებოდით ის ერი, რომელიც დღეს ვართ. ჩვენმა თაობამ გამოვიარეთ გოლგოთა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც ვიხილეთ უფლის ნებით, ადამიანის ხელით მოხდენილი სასწაული, რომელმაც ფერფლიდან აღადგინა ქართული ეკლესია. ჩვენ ნახევარი საუკუნე ამ სასწაულის მომსწრე და მონაწილე ვიყავით. ამიტომ ამ დღეს, განსაკუთრებულად უნდა გავიხსენოთ ჩვენი წმინდა პატრიარქი ილია მეორე. ჩვენს თაობას წილად ხვდა პატივი, რომ აღვნიშნოთ საქართველოს ქრისტიანული სახელმწიფოებრიობის 1700 წელი, გადავშალოთ ეს ფურცელი მომავალ საუკუნეში ჩვენი მომავალი თაობისთვის, რომელიც აქ, ამ ადგილას აუცილებლად შეიკრიბება 100 წლის შემდეგ, რათა აღნიშნოს 1800 წლის იუბილე, შემდეგ კიდევ 100 წლის და ასე შემდეგ, ვიდრე ეს ქვეყნიერება არსებობს. ეს არის ჩვენი მისია, ჩვენი მიზანი, ჩვენი ერის სულიერი დანიშნულება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წირვა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ აღავლინა.

სვეტიცხოვლის ტაძარში წირვას, ასევე, დაესწრნენ: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.

✕