საყდრისის კომიტეტი განცხადებას ავრცელებს

საყდრისის შეხვედრა

“საყდრისის კომიტეტი“ მიესალმება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, ეთნიკურ კუთვნილებაზე პედალირებისა და ადგილობრივებს შორის შუღლის გაღვივების გარეშე.

 

გვსურს, გამოვეხმაუროთ „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ განცხადებას კომპანია RMG-ის ახალი პროექტის - „მუშევანი 2-ის“ (ოქრო-სპილენძის საბადო) ამოქმედებასთან მიმართებაში ადგილობრივი აზერბაიჯანული მოსახლეობის ინტერესების უგულებელყოფის შესახებ. იხილეთ განცხადება

 კერძოდ, გვსურს, გავაკეთოთ განმარტება შემდეგ უზუსტობასთან დაკავშირებით: „მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საჯარო განხილვას სოფლის დაახლოებით 600 მუდმივი მცხოვრებიდან მხოლოდ 70 (დაახლოებითი მონაცემი) ესწრებოდა, ხოლო საჯარო განხილვის შესახებ ცნობა გამოკრული იყო მხოლოდ ქართულ ენაზე.“გვსურს, განვმარტოთ, რომ „საყდრისის კომიტეტი“ 2021 წლის დეკემბრიდან აქტიურადაა ჩართული პროექტში „მუშევანი 2“ გარემოს, კულტურული მემკვიდრეობის და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად.  2022 წლის 12 იანვარს მუშევანი 2-ის სკოპინგს ესწრებოდა სოფელ მუშევანის 300-მდე მცხოვრები, სადაც, „საყდრისის კომიტეტმა“ პირველმა გააპროტესტა ის რისკები, რაც „მუშევანი 2-ის“ პროექტის ამოქმედებას შეიძლება მოჰყოლოდა და კომპანიას მოსახლეობისათვის პროექტის შუქ-ჩრდილებზე მშობლიურ ენაზე მეტი ინფორმაციის მიწოდებისკენ მოუწოდა. 2022 წლის 14 ივლისს სოფელ მუშევანში კომპანია RMG-ის ახალი პროექტის „მუშევანი 2-ის“ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის (გეზეშე) განხილვას ესწრებოდა 150-მდე ადგილობრივი მოსახლე.  შეხვედრაზე „საყდრისის კომიტეტმა“ საჯაროდ დააფიქსირა ის შენიშვნები და მოთხოვნები, რომლებიც გვქონდა დოკუმენტთან დაკავშირებით და შეკრებილ მოსახლეობას რამდენჯერმე მოუწოდა, შიშის გარეშე დაეფიქსირებინათ თავიანთი დამოკიდებულება სამთო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით. თუმცა, მოსახლეობა ყოველ ჯერზე აღნიშნავდა, რომ ისინი ეთანხმებოდნენ ახალი პროექტის ამოქმედებას, რადგან სანაცვლოდ სოფელში განხორციელდებოდა მათთვის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი“ სოციალური პროექტები, როგორიცაა დასაქმება, სოფლის ერთი ნაწილის სასმელი წყლით მომარაგება და ა.შ.

„საყდრისის კომიტეტის“ მოთხოვნით, შეხვედრაზე იმყოფებოდა კვალიფიციური თარჯმანი, თუმცა, ქართული ენის მცოდნე რამდენიმე ადგილობრივი ასევე მონაწილეობდა თარგმნის პროცესში საკუთარი ინიციატივით.  „საყდრისის კომიტეტი“ მიესალმება ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე, ეთნიკურ კუთვნილებაზე პედალირებისა და ადგილობრივებს შორის შუღლის გაღვივების გარეშე.  „საყდრისის კომიტეტი,“ რომელიც უკვე 8 წელია, ჩართულია გარემოს და კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენისთვის ბრძოლაში, აქტიურად ადევნებს თვალს მიმდინარე პროცესებს და განაგრძობს კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს. წარმოგიდგენთ სოფელში გამართული შეხვედრების ფოტო-ვიდეო მასალას.