მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
„ყოველგვარი ნიშნისმოგების, ჭკუის დარიგების და პოლიტიკური წიაღსვლების გარეშე. უხერხულია, რაც დღეს ხდება. ნაწილი რუსულ ვერტმფრენს იცავს, ნაწილი პუმას და ერთმანეთს ამხობენ თავზე. არადა, დაღუპულების ცხედრები არ გაციებულა ჯერ“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში მუსიკოსი გიორგი სიხარულიძე წერს და გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება.
„არც პუმა და არც „მი“. ცივილიზებულ ქვეყნებს, სამაშველო ოპერაციების დროს სულ სხვა ტიპის ფლოტი აქვთ, თუმცა ამაზე ქვემოთ.
მანამდე კი ვიტყვი, რომ ტრაგედიები ხდება და მოხდება. გონზე მოსული და საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობით დაინტერესებული საზოგადოება კი შეცდომებზე სწავლობს.
ასე ისწავლეს ნორვეგიელებმა, როდესაც ოსლოს პოლიციას გასაბერი ნავი არ ჰქონდა და კუნძულ უტოიამდე, ვიღაც წყვილს, საკუთარი ნავით რომ არ მიეყვანა ოფიცრები, იქ კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდებოდა. დღეს აქვს ნორვეგიის პოლიციას გასაბერი ნავები? დიახ. საკუთარ შეცდომაზე ისწავლეს.
წადით, აბა, დღესაც იყიდით ნორვეგიაში ყოველგვარი საბუთის გარეშე დიდი რაოდენობით გვარჯილა და სხვა ქიმიკატები „სოფლის მეურნეობისთვის“. ვერ იყიდით. საკუთარ შეცდომაზე ისწავლა ნორვეგიამ და ბრეივიკის მიერ მოწყობილი აფეთქების შემდეგ, ძალიან მკაცრი რეგულაციები გაატარა. ჰო, დაზვერვაც გააძლიერა და ევროკავშირთანაც გაააქტიურა ორმხრივი შეთანხმებები, რომ ხვალ, ბრეივიკისნაირმა გარეწარმა, იარაღის შესაძენად კიდევ არ ირბინოს ევროპის ქვეყნებში.
11 სექტემბრამდე, ამერიკულ აეროპორტებში, უსაფრთხოების სამსახურებს ავიაკომპანიები ქირაობდნენ, რომლებიც არ იყვნენ პროფესიონალები, ბარგის ჩხრეკვაში. 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ, ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია შეიქმნა და დღეს TSA უმძლავრესი უსაფრთხოების სამსახურია, რომელიც ათასობით ამერიკულ აეროპორტს და სხვა ტრანსპორტის უსაფრთხოებას იცავს. შეცდომაზე ისწავლეს ამერიკელებმაც.
მოკლედ, წესიერ სახელმწიფოებში რაც ცუდი ხდება, მათთვის გაკვეთილია და იმაზე ზრუნავენ, მომავალში რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. ჩვენთან ჯერ პოლიტიკური სცენა იჭიმება. მერე გავა 2 დღე და ყველას ავიწყდება მაშველიც, ექიმიც, მგზავრიც და პრობლემაც, რადგან უკვე ახალი თემა გვაქვს გასარჩევი.
რაც შეეხება ვერტმფრენებს. ვფიქრობ, არც „მი“ და არც პუმა და ჩემი სუბიექტური აზრით, არარელევანტურია რომელიმეს ქება-დიდება. მე სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ მრავალი წელია რეგას წევრი ვარ (Rega patron). რეგა შვეიცარიული სამაშველო სამსახურია და ალპებში სამაშველო ოპერაციებში ბადალი არ ჰყავს. პატრონები ვიხდით გარკვეულ საწევროს, მთებში მოგზაურობის დროს ვააქტიურებთ სპეციალურ აპლიკაციას, ხდება რეგას მიერ ცოცხალ რეჟიმში ჩვენი თრექინგი და უბედური შემთხვევის დროს, ან ეჭვის აღების შემთხვევაშიც კი, წამებში იწყება სამაშველო ოპერაცია.
ახლა ვნახოთ, როგორია რეგას ფლოტი.
1. ვერტმფრენი Airbus H145 (8 ერთეული)
2. ვერმფრენი Agusta da Vinci (11 ერთეული)
3. თვითმფრინავი Challenger 650 (ემბულანსი, დაშავებულთა სწრაფი და/ან შორეული ტრანსპორტირებისთვის)
4. ჭკვიანი დრონები, რომლებიც თოვლში ჩამარხულ მოგზაურებს სპეციალური ინფრაწითელი აღჭურვილობით პოულობენ და რეგას ცენტრს მათ ზუსტ ლოკაციას გადასცემენ.
როგორმე, არ გაუჭირდებოდათ შვეიცარიელებს არც ფრანგული პუმის და არც რუსული მი-ს ყიდვა, სამაშველო ოპერაციებში, ეს ვერტმფრენები, როგორც ამბობთ, „უნიკალური“ რომ იყოს.
მოხდა ტრაგედია და ვისწავლოთ ამ ტრაგედიაზე, რომ შემდეგში აღარ მოხდეს. ტყუილად ვიქებთ თავს. გამოუცდელი, უმწიფარი ქვეყანა ვართ ძალიან ბევრ სფეროში. მით უმეტეს, სამაშველო საქმეში, რომლის წარმატებული მართვით, შვეიცარიამ, ათწლეულები და ასწლეულები გაატარა.
ტურიზმი საქართველოში სულ იქნება. მით უმეტეს, სამთო ტურიზმი. რელიეფით ძალიან ჰგავს საქართველო შვეიცარიას. შევეხვეწოთ, ვემუდაროთ, იქ გაიწვრთნან ჩვენი მაშველები და ფლოტიც მათი რეკომენდაციით შეირჩეს. სანატრელი აქვს ისეთი ბუნება ბევრს, ჩვენ რომ გვაქვს. არ შეიძლება ჩვენც ვიყოთ გამოცდილები, აღჭურვილები და პროფესიონალები?
კურსკი რომ ჩაიძირა, პირველივე წუთებში, დაუფიქრებლად რაც შესთავაზეს რუსებს, სამაშველო სამუშაოებში ოსლოს ჩართვა და ბარენცის ზღვაში ნორვეგიული ზონდის ჩაშვება იყო. სასწაულებს აკეთებენ საზღვაო სამაშველო სამუშაოებში ნორვეგიელები და იმიტომ. სწორედ ის ნორვეგიელები, ერთ დროს გასაბერი ნავი რომ არ ჰყავდა მის პოლიციას“, - წერს გიორგი სიხარულიძე.