დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და შვეიცარიის ტურიზმის სახელმწიფო ორგანიზაციას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა და შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ ქალაქ ციურიხში მოაწერეს.
„დღეს საფუძველი ჩაეყარა ახალი თანამშრომლობის გაღრმავებას. ძალიან მნიშვნელოვანია შვეიცარიასთან როგორც ტურიზმის მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობა. ჩვენ შანსი მოგვეცა გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა და რაც მნიშვნელოვანია ეს ცოდნა და გამოცდილება მოვახმაროთ ჩვენი კერძო სექტორისა და ინდუსტრიის მეტად გაძლიერებას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა.
ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოსა და შვეიცარიას შორის ტურიზმის სფეროში სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას, სათავგადასავლო და ზამთრის ტურიზმისა და დანიშნულების ადგილის მართვის ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ორი ქვეყნის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. ასევე განიხილეს მომსახურების სფეროს წარმომადგენელთათვის საგანმანათლებლო სასწავლო ტრენინგების განხორციელების პერსპექტივები შვეიცარიის კონფედერაციაში, რაც საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში მომუშავე პროფესიონალთათვის საუკეთესო ევროპული ცოდნის გაზიარების მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თემატური შეხვედრები გამართვა შვეიცარიის კონფედერაციის ტურიზმისა და მასპინძლობის, აგრეთვე ჯანდაცვისა და განათლების სექტორის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს. ველოდებით უფრო ინტენსიური თანამშრომლობის გაგრძელებას სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის პოლიტიკის შემუშავება, ბიზნეს გეგმები, ტურიზმის საბჭო, ასევე სამთო ტურიზმი, სპა ტურიზმი, ღვინო და გასტრონომია. საქართველოს, ისევე როგორც შვეიცარიას დიდი გამოცდილება აქვს ამ მიმართულებით. ერთმანეთის გამოცდილებების გაზიარებით ორივე ქვეყანა მოგებული დარჩება“, - განაცხადა შვეიცარიის ტურიზმის ორგანიზაციის სპეციალური პროექტებისა და მიმართულებების დირექტორმა ფედერიკო სომარუგამ.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან ასევე ესწრებოდა შვეიცარიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძე და საქართველოს მთის ტრასების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ბურჭულაძე.