საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია

ნაკრები

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნითი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით, ჩვენი ნაკრები 15 ნოემბერს, საშინაო არენაზე ესპანეთს უმასპინძლებს. 4 მატჩში მოპოვებული 3 ქულით, საქართველო ჯგუფში მე-3 ადგილს იკავებს. საშინაო არენაზე, ვილი სანიოლის გუნდმა ბულგარეთი უშანსოდ დაამარცხა (3:0), თუმცა თურქეთთან (2:3, 1:4) და ესპანეთთან (0:2) დამარცხდა და ჯგუფიდან პლეი-ოფში გადასვლის მხოლოდ თეორიული შანსი შეინარჩუნა. 2026 წლის მუნდიალზე მოსახვედრად, საქართველომ ორივე მატჩში უნდა გაიმარჯვოს, თუმცა ამავე დროს, თურქეთმა 0 ქულა უნდა დააგროვოს.  საინტერესოა, როგორ მოახერხებს დროებითი ჩავარდნის შემდეგ ძალების მობილიზებას ჩვენი გუნდი, რამდენად იმედიანად დავასრულებთ შესარჩევ ციკლს და ექნებათ თუ არა ახალწვეულებს თავის გამოჩენის საშუალება. 15 ნოემბერს, 21:00-ზე, საქართველო “დინამო არენაზე” ესპანეთს, იგივე “ფურია როხას” დაუპირისპირდება. ბოლო წლების გათვალისწინებით, ლუის დე ლა ფუენტეს ნაკრებთან პაექრობა ჩვენთვის სიახლე არ გახლავთ - მის შესაძლებლობებსა და პოტენციალს ძალიან კარგად ვიცნობთ. ესპანეთს მიმდინარე შესარჩევში 4 მატჩი აქვს გამართული, სადაც არამარტო 4-ვე მატჩში გაიმარჯვა, არამედ გოლიც არ გაუშვია (ბურთების შეფარდება: 15-0). მეტოქის სიძლიერის მიუხედავად, ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლის განაცხადში მოხვდნენ, ნოემბრის მატჩებისთვის სრული კონცენტრაციით ემზადებიან. ოთარ კიტეიშვილის შეფასებით, ეს იქნება გამოცდა: ფეხბურთელებმა საკუთარ თავს უნდა დაუმტკიცონ, რომ გუნდური სულისკვეთება კვლავ შენარჩუნებული აქვს ნაკრებს და რომ ბოლოდროინდელი ჩავარდნა მხოლოდ დროებითი მოვლენაა. სამწუხაროდ, ტრავმების გამო, ნაკრებს გიორგი მიქაუტაძე და ოთარ კაკაბაძე გამოაკლდნენ. ასევე ხანგრძლივი მკურნალობისა და აღდგენის პროცესში იმყოფება გიორგი ჩაკვეტაძე. დისკვალიფიკაციის გამო, ესპანეთთან ვერ ითამაშებს გიორგი ქოჩორაშვილიც და შესაბამისად, ჩაკვეტაძე-ქოჩორაშვილი-კიტეიშვილის ტრიოში 2 ფეხბურთელის არყოფნა ჩვენს შუა ხაზს მნიშვნელოვნად დაასუსტებს. აღსანიშნავია ისიც, რომ სანიოლს ნახევარდაცვის ხაზში გაბრიელ სიგუა და ნიკა გაგნიძეც გამოაკლდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სანიოლი რთული ამოცანის წინაშე დგას. ფეხბურთელები, რომლებიც სანიოლმა შეკრებაზე იხმო:მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი). მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი). ნახევარმცველები/თავდამსხმელები: ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი, საქართველო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი, საფრანგეთი), გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი ქვილითაია (არისი, კვიპროსი).