1789480042
საპატრულო პოლიცია განცხადებას ავრცელებს
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ 16 და 17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვზე არსებულ სახიდე გადასასვლელებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით, მონაცვლეობით შეიზღუდება.
შეზღუდვა განპირობებულია თბილისი-სენაკისა და სენაკი-თბილისის მიმართულებებზე არსებული ხიდების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევის სამუშაოების ჩასატარებლად.
სამუშაოები მოიცავს ხიდების სტატიკურ და დინამიკურ გამოკვლევას. სამუშაოები ორ ეტაპად ჩატარდება და მოძრაობა ალტერნატიულ მარშრუტებზე გადაერთვება.
16 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თბილისი-სენაკის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა მე-19 კმ-დან გადაერთვება ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზაზე. ამავე პერიოდში სენაკის მიმართულებით ჩაიკეტება ზაჰესის, წიწამურისა და წიწამურის ხევის სატრანსპორტო კვანძებზე არსებული შესაბამისი პანდუსები.
17 სექტემბერს, 05:00-დან 07:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება სენაკი-თბილისის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურისა და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზებზე და ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გავლით დაუკავშირდება თბილისი-სენაკი-ლესელიძისა და თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზებს.
მოძრაობის დროებითი შეზღუდვისა და გადართვის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გატარდება შესაბამისი ღონისძიებები.










