სახალისო ისტორია, თუ როგორ გაუშვა მთვრალმა გელა ჩარკვიანმა ქალიშვილი ამერიკაში

gela

გელა ჩარკვიანის ფეისბუკგვერდი „ნაგერალადან“ ამონარიდს აქვეყნებს. პუბლიცისტისა და დიპლომატის  საინტერესო ცხოვრების ეს ეპიზოდი, რომელსაც თავის ქალიშვილზე გვიამბობს, ნამდვილად გაგახალისებთ.

გელა ჩარკვიანი:

თეონა გაცვლითი პროგრამით მიდიოდა ამერიკაში, სადაც მას და მეორე ქართველ გოგონას, ეკა ნიჟარაძეს სამხრეთ კაროლინის დედაქალაქ კოლუმბიაში ერთი წლის მანძილზე ჯაზური ცეკვა და Tap dance (чечётка) უნდა შეესწავლათ. ორი ამერიკელი გოგო იმავე ქალაქიდან კი თბილისში ჩამოვიდოდა და ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში იმეცადინებდა.

ქართველი და ამერიკელი ბავშვები შესაბამისად, ერთმანეთის ოჯახებში იცხოვრებდნენ. ასეთი რამ მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს გახდა შესაძლებელი, როცა გორბაჩოვისეულმა გარდაქმნამ პიკს მიაღწია და პარტიული ორგანოები საზღვარგარეთ მოგზაურობასთან დაკავშირებულ საკითხებს ჩამოაშორეს. ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა. წასვლის დრო რომ დადგა, მოსკოვში ჩავედით და, Voila! თეონას ამერიკაში გაფრენის წინა ღამეს გაირკვა, რომ რომელიღაც ეტაპზე მოხდა შეცდომა, არასწორად ჩაუწერეს, თითქოს ის ამერიკაში მუშაობას აპირებს და ვიზას აღარ აძლევენ. ეკა მიდის, თეონა რჩება.

მე რა დამემართებოდა, ძნელი მისახვედრი არ არის. დიდხანს ვიფიქრე, დაღამდა. თეონას წყნარად სძინავს. მალე სასტუმროს რესტორანი დაიხურება. არ მიჭამია. მშია. ჩავდივარ პირველ სართულზე. რესტორნის კარი ღიაა. თავისუფალ მაგიდას ვეძებ, ვპოულობ. ოფიციანტი მიცხადებს, რომ სამზარეულო აღარ მუშაობს, შემიძლია მხოლოდ ბუფეტიდან შევუკვეთო, თუ რამე მინდა. დაუფიქრებლად ვეუბნები: პური, სამი პორცია белуга горячего копчения, 350 გრამი არაყი და მინერალური წყალი. ახლა მთლიანად ამ არყის იმედზე ვარ, ან დამაძინებს და ყველაფერს დამავიწყებს, ან კი რაღაცას მომაფიქრებინებს. მომაფიქრებინა. რესტორნიდან გამოსულმა დიდხანს ბარბაცით ვიარე და ამერიკის საკონსულოს მივადექი. ღამის პირველი საათია. კართან გიგანტური ზომის (ან მთვრალს ასე მეჩვენება) ამერიკელი საზღვაო ქვეითი დგას. შეკითხვებზე პასუხს არ მცემს, შიგნით არ მიშვებს. ან კი ვინ იქნება ამ დროს საკონსულოში. ახლა მე ორფეოსი ვარ და უნდა მუსიკით მოვხიბლო ჰადესის მცველი ურჩხული კერბეროსი.

ისეთი რა უნდა ვუმღერო, ოდნავ რომ მაინც მოლბეს. ევრიკა! მახსენდება რა ახალისებდათ თავის დროზე ამერიკელ GI -ს. ვმღერი: “Hitler had only got one ball, Goering, had two but very small, Himmler, had something similar, but poor old Goebbels, had no balls, at all”. რას ვხედავ, ღმერთო, ეღიმება. ვმღერი Nat King Cole-ის ცნობილ რომანტიკულ ჰიტს. შუაში მაწყვეტინებს. გამაგებინე, რა გინდაო, მეკითხება. ყველაფერს დეტალებში ვუყვები თვალცრემლიანი. მისი ქალიშვილი ჯერ სულ სამი წლისაა, თუმცა უკვე ცდილობს იცეკვოს და, რომ გაიზრდება, ვინ იცის, იქნებ იმანაც ბალეტის მსახიობობა მოინდომოს. დედას ჰგავს. ლამაზი გოგო დადგება.

„კონსულის ბინის ტელეფონს მოგცემ, ოღონდ არ გამცე“, – მეუბნება ჩურჩულით, შეთქმულივით. ღამის ორი საათია. ქუჩის ავტომატიდან ვრეკავ. არავინ მიპასუხა, მეორედ ვრეკავ და ყურმილს არ ვკიდებ. „გისმენთ“ – მესმის ქალის ნამძინარევი ხმა. ხელახლა ვყვები თეონას ვიზის ისტორიას. ვცდილობ, ვილაპარაკო უკიდურესად დახვეწილი ინგლისურით. არ გამომდის. ენა მებმება. ჯერ კიდევ მთვრალი ვარ. მაწყვეტინებს: „თქვენ ხართ სრულიად უსინდისო ადამიანი. ღამიანად მაღვიძებთ და საკუთარი შვილის ისტორიას მიყვებით. ამ წუთას მე თქვენ მძულხართ, მეზიზღებით. ვერაფერს შევცვლი“. – ამბობს და ყურმილს აგდებს. ვგრძნობ, რომ სიმთვრალე გამდის და მალე თამამ ნაბიჯებს ვეღარ გადავდგამ. ამიტომ შეუსვენებლად, კვლავ ვრეკავ.

„გისმენთ“ – ამჯერად უფრო მხნედ მიპასუხა ქალმა. ჩემი ხმა რომ ესმის, მსაყვედურობს. „ნუთუ, არ გრცხვენიათ? სარგებლობთ იმით, რომ კონსული ვარ და ღამე ტელეფონის გათიშვის უფლება არ მაქვს. გითხარით, მძულხართ-მეთქი და მაინც არ მეშვებით“. „ვიცი, რომ საშინლად მოვიქეცი, მაგრამ თქვენ იყავით ჩემი ბოლო იმედი და მეგონა, გამიგებდით. მაპატიეთ, გპირდებით, აღარასდროს მოგმართავთ თხოვნით“. ის იყო ყურმილი უნდა ჩამომეკიდა, რომ მეორე ბოლოდან მომესმა: „შემახსენეთ თქვენი ქალიშვილის სახელი და გვარი. მძულხართ, მაგრამ ვაფასებ შვილისადმი ასეთ ერთგულებას. თუ იქ რაიმე შეცდომაა, გავასწორებთ და ის ვიზას ავიარეისამდე მიიღებს“.

გოგონები ჩაფრინდნენ ამერიკაში და ოჯახებში დასახლდნენ. მე კი მოსკოვში დავხვდი ენ სილის და თაილერ ბლენტონს. თბილისში სანამ წამოვიყვანდი, გადავწყვიტე, წინასწარ მეზიარებინა თბილისური ცხოვრების ზოგიერთი წახნაგისათვის. არბატზე ქართულ რესტორანში ვასადილე. მოეწონათ. იქვე ახლოს თბილისური ლაღიძის წყლების ზუსტი ასლი იყო მოწყობილი. ამასაც გავასინჯებ- მეთქი, ვიფიქრე და შევიყვანე. რიგი იდგა. დახლს რომ მივადექით, ის შევურჩიე, მე რაც ახალგაზრდობაში მიყვარდა – ლიმონი და ნაღები. არაფრით არ დალიეს. მივხვდი, რომ ამდენი უცხო მომხმარებლის შემდეგ ზერელედ გარეცხილი ჭიქებიდან სმა მათთვის მიუღებელი იყო, ერთჯერადებს იყვნენ შეჩვეული. გოგოები ხომ სხვა ცივილიზაციიდან გვეწვივნენ.