„სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

შსს

„სადგურის მოედანზე“ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.

ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.

მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, რომ, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსში ნგრევა მოხდა. ჩამოინგრა, სავარაუდოდ, სახურავის ნაწილი.

თვითმხილველების ინფორმაციით, შესაძლოა, ნანგრევებში ადამიანები იყვნენ მოყოლილნი.