„სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“ - ილია ელოშვილს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან

manana

თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაიცვალა. ის გარდაცვლილი საკუთარ სახლში ნახეს. დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გარდაცვლილ მეგობარს  და კოლეგას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:

კახა კუჭავა: „უდიდესი გულისტკივილით, ვუსამძიმრებ ილიას ოჯახს, მეგობრებს და ნათესავებს ამ ტრაგედიას! უმაგრესი ბიჭი, ძალიან შრომისმოყვარე და თავისი საქმის უზადო მცოდნე და უბრალოდ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ენდობოდი!ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სული! ყოველთვის გვემახსოვრები ილია!“

ირაკლი კობახიძე: „უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, ჩვენი მეგობარი, თანამებრძოლი და კარგი ქართველი ადამიანი, ილია ელოშვილი დავკარგეთ. მიმძიმს სიტყვებით გადმოვცე, როგორი ტკივილია მისი გარდაცვალება ჩვენთვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს და თანამონაწილე ვარ მათი მწუხარების“

ირაკლი ხელაძე: „ძალიან დაგვწყვიტა გული თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელმა გარდაცვალებამ. საუკეთესო მეგობარი და თანაგუნდელი დავკარგეთ. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს. რთულია, სიტყვებით გადმოსცე ასეთი მწუხარება“.

სოფო კობაიძე: „მოხევეებს ძალიან გვეამაყებოდა, რომ ჩვენი მიწა-წყლის ასეთი ღირსეული კაცი ზრუნავდა დედაქალაქზე. დაუმკვიდროს უფალმა ადგილი, სადაც მართალნი განისვენებენ…“

მანანა თოქმაჯიშვილი: „სიკეთით, წესიერებით, ადამიანობით გამორჩეული კოლეგა და მეგობარი დავკარგე. სადღაც აუცილებლად შევხვდებით, დროებით!“

კახა კალაძე: „ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა... შეუძლებელია გადმოვცე ის მდგომარეობა, თუ როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო... დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში, დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“,- წერს კახა კალაძე.

ილია ელოშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა.