რას აცხადებს ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსი ილია ელოშვილის გარდაცვალებაზე

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს უფროსის, ავთანდილ გალდავას განცხადებით, თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი სუიციდის შედეგად არის გარდაცვლილი.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ელოშვილის სახლთან განუცხადა, სადაც ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.

„დანაშაულის ნიშნები არ არის, სუიციდთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს ავთანდილ გალდავა.

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

ჩვენი ინფორმაციით, ელოშვილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. 

ილია ელოშვილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.

ილია ელოშვილი თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

2012-2016 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, 2017 წელს კი საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. მანამდე, სხვადასხვა წლებში მუშაობდა კერძო სექტორში ხელმძღვანელ თანამდებობებზე, ასევე „ათასწლეულის გამოწვევის“ ფონდისა და USAID-ის პროექტებში.