ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
სულ რამდენიმე დღეა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2022 წლის გამოცდების მონაწილეთა ნაშრომებისგასწორების პროცესი აბიტურიენტთა ქართული ენისა და ლიტერატურის ნაშრომებით დაიწყო.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტები 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე უფრო მარტივი იყო, ვიდრე გასულ წლებში და ზღვრის გადალახვა, ფაქტობრივად, ყველას შეუძლია – ასე აფასებს ქართულის გამოცდაზე მოსულ საკითხებსა და დასაწერ თემებს EDU.ARIS.GE-სთან ფილოლოგი, რეპეტიტორი და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტის გამსწორებელი, მანანა ციცქიშვილი.
მოგეხსენებათ, ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს, 4 ივლისს, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და ხუთ სესიად ჩატარდა. საგნის გამოცდიდან აბიტურიენტების ნაწილი კმაყოფილი გამოვიდა, ნაწილი – უკმაყოფილო. გამოსაცდელებმა პრეტენზიები სოციალურ ქსელში გახსნილ სხვადასხვა ჯგუფში დააფიქსირეს. ყველაზე დიდი აჟიოტაჟი კი მოჰყვა თემას, რომელიც მათ ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოების, „ამაყის“ მიხედვით უნდა დაეწერათ, „აქვს თუ არა ბრძოლას აზრი, თუ დამარცხებისთვის ხარ განწირული“.
მანანა ციცქიშვილი ამბობს, რომ წელს ქართულის გამოცდაზე შესანიშნავი თემები მოვიდა. მისი თქმით, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, თუმცა იმ აბიტურიენტების აზრიც პატივსაცემია, რომლებსაც საწინააღმდეგო პოზიცია აქვთ.
– როგორ შეაფასებთ იმ თემებსა და ნაწარმოებებს, რომლებიც წელს ქართულის გამოცდაზე მოვიდა – რამდენად საინტერესო იყო, რამდენად მოითხოვდა აბიტურიენტისგან ცოდნის მაღალი დონის ჩვენებას?
– ვფიქრობ, ამ გამოცდებზე არაჩვეულებრივი თემები მოვიდა! შეეხო ყველა პერიოდს, პოეზიას, პროზას, ძველ ქართულსაც , ახალ ქართულსაც, უახლესსაც… სხვათა შორის, კლასგარეშე მასალაც ძალიან კარგად იყო შერჩეული. თუ ბავშვი ოდნავ აზროვნებს, არ უნდა გასჭირვებოდა ამ ტესტების დაწერა. კარგად დასაწერი თემები იყო და საინტერესო პარალელების მოყვანაც შეიძლებოდა. მეტ-ნაკლებად შეეხებოდა დღევანდელ პრობლემებს. სხვათა შორის, დაკვირვებული ვარ, რაც ხდება ხოლმე მთელი წლის განმავლობაში, ამ პროცესებს ხშირად ეხმაურება ის თემები, რომლებიც გამოცდაზეა მოცემული. სწორედ ამიტომ, ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის მოვუწოდებ, ყურადღება მიაქციონ იმას, თუ რა ხდებოდა იმ წელს მსოფლიოსა თუ საქართველოში – პანდემია, რევოლუცია, ომი თუ სხვა. წელსაც ვვარაუდობდი, რომ სიტუაციების შესაბამისი თემები მოვიდოდა.
– ერთ-ერთ ტესტზე ხმაური ატყდა და პოლიტიკური შეფასებაც მიეცა – აბიტურიენტებს უნდა დაეწერათ, აქვს თუ არა ბრძოლას აზრი… „მზაკვრული და შეფარული“ უწოდეს ამ თემის გამოცდაზე შეტანას…
– ბავშვები გამოცდაზე იყვნენ და ამ დროს გარეთ ასეთი ამბის ატეხა ნამდვილად ზედმეტი იყო. ამ დროს თემა მშვენიერი იყო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! როგორ შეიძლება, არ იბრძოლო?! საქართველოს ისტორიას რომ გადავხედოთ, დავით აღმაშენებელი, გიორგი პირველი, თუნდაც პატარა კახი თუ მეფე თამარი რატომ გვიყვარს? იმიტომ, რომ ისინი იბრძოდნენ. ოღონდ, ბრძოლის ხერხებია სხვადასხვა. შეიძლება, ჯარისკაცი რომ იარაღს მოგიშვერს, შენ იმას შიშველი ხელებით არ შეებრძოლო, მაგრამ გამოიყენო თუნდაც დიპლომატია ან სიტყვა… ანუ, უნდა ვიცოდეთ, რა ეტაპზე რა ხერხი გამოვიყენოთ საბრძოლველად.
პატარა ერი ვართ, დიდი ისტორია გვაქვს და ღრმა წარსული. ჩვენ რომ ვიყავით ჩამოყალიბებული ქვეყანა და ლიტერატურა გვქონდა, ეს დღევანდელი ზესახელმწიფოები უბრალოდ არ არსებობდნენ. ჩვენ მართლა ძლიერები ვართ, მაგრამ ვართ ცოტანი და რაღაც სხვა ხერხებია საჭირო, თორემ, რა თქმა უნდა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. ამ ყველაფრის კარგად გააზრება აბიტურიენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს ის თაობაა, რომელმაც უნდა უშველოს საქართველოს და ახალგაზრდები თავისუფალნი უნდა იყვნენ ყოველგვარი ქვენა გრძნობებისგან. ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებენ ქვეყანაში არსებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები. ახალგაზრდა კი სწორედ ის ნოვატორული ძალაა, რომელმაც უნდა შეაფასოს ეს ყველაფერი. ბევრმა სწორად და კარგად გაიგო ეს თემა და არა ისე, როგორც რომელიღაც პოლიტიკოსს სურდა. არ უნდა ატეხილიყო ამხელა ამბავი.
რა თქმა უნდა, ზოგი დაწერდა, რომ ბრძოლას ყოველთვის არ აქვს აზრი. ჩვენ ყველას ჩვენი ხასიათი გვაქვს. მე ასე ვფიქრობ, თქვენ – სხვაგვარად. რა თქმა უნდა, ყველას აზრს პატივი უნდა ვცეთ. გამსწორებელი იმის მიხედვით კი არ ასწორებს თემას, როგორც მას უნდა, რომ აბიტურიენტმა დაწეროს; მოსწავლემ თავისი აზრი უნდა თქვას და ამ აზრში არ უნდა ჰქონდეს შეცდომა, არ უნდა იყოს სტილისტური ხარვეზი, სიტყვა თავის ადგილას გამოიყენოს, დასაბუთება უნდა შეეძლოს და თუნდაც, მაგალითად, ვარსქენ პიტიახში მოსწონდეს და არა – შუშანიკი. მოსწონს და მოსწონდეს, მთავარია, დაასაბუთოს. აზრთა ჭიდილში ხომ ჭეშმარიტება იბადება!
– აბიტურიენტებმა სხვადასხვა ვარიანტი წერეს სხვადასხვა სესიაზე. ადარებდნენ ერთმანეთს და ჩიოდნენ, რომ ზოგმა უფრო რთული ვარიანტი წერა. ითხოვენ, რომ მათი ვარიანტი გამოცხადდეს რთულად და ქულები მოემატოთ. როგორ ჩანდა ერთი შეხედვით, განსხვავდებოდა ტესტების სირთულე?
– ბავშვის ფსიქოლოგია ისეთია, ჰგონია, რომ მაინცდამაინც მას შეხვდა რთული. ჩემი მოსწავლეებიც ამბობდნენ, რა თქმა უნდა, ჩემი ვარიანტი გამოცხადდება რთულადო. უნდათ, რომ ქულა მოუმატონ. აუცილებლად გამოცხადდება რომელიღაც ვარიანტი რთულად, თუმცა ჯერ არ ვიცით, რომელი. პროფესიონალები არჩევენ და დიდად არ არის ხოლმე განსხვავება, მაგრამ რთულად ის ვარიანტი ცხადდება, რომელიც ყველაზე დაბალ შედეგს აჩვენებს. მაგალითად, თუ პირველი ვარიანტი ყველამ ცუდად დაწერა და დანარჩენი – შედარებით კარგად, მერე ცხადდება ის პირველი რთულად.
– ზოგი აბიტურიენტი ჩივის სოციალურ ქსელში, რომ თემას ასცდა და წუხს, არ გაუნულდეს ეს ნაშრომი. რა შემთხვევაში ნულდება თემა?
– რა თქმა უნდა, არ გაუნულდებათ. არსებობს შეფასების სქემა და ყველა კრიტერიუმს თავისი ქულა შეესაბამება. თემას ასცდა და ამის გამო ნულს მიიღებს – გამსწორებლებს ასეთი მკაცრი დამოკიდებულება არ აქვთ. გამომცდელები შედიან ბავშვების მდგომარეობაში. ქულის მომატება არ შეუძლიათ, მაგრამ არც დააკლებენ. ყველა გამომცდელი ჰუმანურია – ამისი უნდა სჯეროდეს ყველას. არსებობს საშუალება, გამოცდის შედეგის გასაჩივრება და შეიძლება, ამ გზითაც მოუმატონ ქულები. ყოფილა შემთხვევა, როდესაც 5-6 ქულაც კი მოუმატებიათ აპლიკანტისთვის, თუმცა ისეთი შემთხვევაც ვიცი, როდესაც პირიქით, დააკლეს ქულა. მეც მყავდა მოსწავლე, რომელიც ამბობდა, გავასაჩივრებო. ვუთხარი, გაქვს შეცდომები, რომლებიც, სავარაუდოდ, გამსწორებლებს გამორჩათ და უფრო დაგაკლებენ ქულას-მეთქი. მასწავლებელმაც უნდა ურჩიოს აბიტურიენტს, ღირს თუ არა თემის გასაჩივრება.
ზოგი უფრო მხიარული და ოპტიმისტურია და ჰგონია, რომ კარგად დაწერა. მე მყავს ერთი ნიჭიერი მოსწავლე, რომელიც გამოცდიდან აღელვებული გამოვიდა. ეჩვენება, რომ ცუდად დაწერა. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ კარგად დაწერდა. იცით, ამ შემთხვევაში რა ხდება? ის საკუთარ თავს ძალიან ბევრს სთხოვს. ის არის ძლიერი, ნიჭიერი და რაღაცნაირად დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაბალ ქულას მიიღებს. ზოგს კი, ვინც უფრო მსუბუქად უყურებს წინასაგამოცდო პერიოდს, ჰგონია, რომ კარგად წერს.
– სოციალურ ქსელში გააპროტესტეს, რატომ მოდის ყოველ წელს გამოცდაზე „ვეფხისტყაოსანი“, მაშინ, როცა მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს. რამდენად აუცილებლად მიგაჩნიათ, მაგალითად, 5 სესიიდან ერთ-ერთზე მაინც მოვიდეს რომელიმე თემა „ვეფხისტყაოსნიდან“ და რატომ?
– აუცილებლად უნდა იყოს! ეს მხოლოდ ჩვენი კი არა, მთელი მსოფლიოს საგანძურია და რატომ არ უნდა იყოს გამოცდებზე თუნდაც ყოველ წელს?! მსოფლიოში მსგავსი ნაწარმოები არავის აქვს. სკოლაშიც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ კარგად. მერე ის ბიჭი თუ გოგო, ხომ არ მიუბრუნდება „ვეფხისტყაოსანს“ და არ უნდა იცოდეს? აბა, ის არის კარგი, ზოგს შოთა რუსთაველი მეფე რომ ჰგონია? ძალიან მიხარია, რომ არის როგორც სასკოლო, ისე საგამოცდო პროგრამაში.
კი, საგამოცდო პროგრამა მრავალფეროვანია და სხვა რაღაცებითაც მშვენივრად იყო შევსებული. ოთარ ჭილაძის ლექსი იყო, „სამოსელი პირველიც“… „სამოსელი პირველი“ ადვილია? ურთულესი გასაგებია, მით უმეტეს, თუ აბიტურიენტს მთლიანობაში არ ჰქონდა წაკითხული. საპროგრამო მასალის წაკითხვა ეზარებათ და დარწმუნებული ვარ, არც „სამოსელი პირველი“ ექნებოდა ბევრს წაკითხული. 8 წელი წერდა ამ ნაწარმოებს მწერალი და მასში უამრავი სიმბოლოა გამოყენებული. მაინცდამაინც „ვეფხისტყაოსანზე“ ამახვილებენ ყურადღებას. ერთი პერიოდი აიჩემეს, „შუშანიკის წამება“ ამოვიღოთ საპროგრამო მასალიდანო. დიდი ბოდიში, მაგრამ რატომ უნდა ამოვიღოთ? აუცილებლად უნდა ისწავლონ ეპოქა, ავტორი… ხანდახან ავიწყდებათ, ვინ დაწერა, რა დაწერა, როდის და რატომ დაწერა. ზედაპირულად უყურებენ ამ დიდ ნაწარმოებებს და იმიტომ. არადა, „ვეფხისტყაოსანში“ ბევრი თემაა თავმოყრილი. სხვა მოთხრობებიდან თუ ლექსებიდან ყველა თემას ვერ ამოიღებ. „ვეფხისტყაოსანი“ კი ამ მხრივაც ამოუწურავია. მე ვმუშაობდი ლიტერატურის ინსტიტუტის ერთ-ერთ განყოფილებაში, რომელსაც „ვეფხისტყაოსნის“ დამდგენი კომისია ჰქვია. წარმოგიდგენიათ, XII-XIII საუკუნეების ტექსტის დამდგენი კომისია არსებობს დღემდე, ისეთი ამოუწურავია ეს ნაწარმოები, რომ ჯერ კიდევ ადგენენ. შესაბამისად, ჩემი პასუხიც ეს არის თქვენს კითხვაზე.
– რას შეცვლიდით საგამოცდო ტესტში, რა უნდა იყოს ისეთი, რაც მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ და არ არის?
– დავამატებდი თავისუფალ თემას. ბავშვმა დაწეროს რაც უნდა და მისი მწერლური თუ პოეტური ნიჭი მეტად გამოვლინდეს. რედაქტირების დავალებას ხომ წერს და მისი გრამატიკული უნარები ხომ ვლინდება ამით?! ცალკეც მივცეთ საშუალება, დაწეროს, თუ ის პოეტია ან მწერალი და შეიძლება საოცრებაც შექმნას გამოცდაზე. კი, შემედავებიან, როდესაც ბავშვი თემას წერს, იქაც ჩანს, როგორი შემოქმედებითია, მაგრამ შეიძლება ბოლომდე ვერ გაიხსნას, საამისოდ თემისთვის გამოყოფილი ადგილიც არ ეყოფა. გამოცდაზე მოცემულ ნაწყვეტზეც ხომ უნდა ილაპარაკოს და იმდენ შემოქმედებითობას ვეღარ გამოავლენს. მე მყავდა მოსწავლეები, რომლებიც დიდ თემებს წერდნენ და უჭირდათ ამ ყველაფრის საგამოცდო ფურცელზე თავმოყრა.
– როგორ ფიქრობთ, წინა წლებთან შედარებით წლევანდელი გამოცდა მარტივი იყო თუ რთული?
– ვფიქრობ, უფრო მარტივი იყო. სხვა წლებში ბევრად ძნელიც ყოფილა. შარშანდელი დავალება სხვა იყო და როცა ცვლილება შეიტანეს, ბავშვებს და მასწავლებლებსაც კი ეგონათ, რომ უფრო გაართულეს, მაგრამ როგორც დადგინდა, უფრო გაადვილდა დავალება. რედაქტირება, კითხვებზე პასუხი და თემა – ამ სამი დავალებიდან რომელიმეში მაინც შეეძლო აბიტურიენტს თავის გამოჩენა და ზღვრის გადალახვა. შარშან ორი თემა იყო და, რა თქმა უნდა, ის უფრო ძნელია. დრო ცოტა მეტი კი ჰქონდათ, მაგრამ, ვფიქრობ, ორი თემის დაწერაზე მარტივია ერთზე მუშაობა.
– როგორც წესი, ქართულის შედეგები ბევრად ჩამორჩება ხოლმე უცხოური ენისას. რა გგონიათ ამის მიზეზი?
– უცხო ენის გამოცდა ბევრად ადვილია, ვიდრე ქართულის. ქართულში მეტი მოეთხოვებათ. შენ კი ხარ ქართველი, მაგრამ იმ დონეზე მაინც არ იცი, რომ ყველაფერი სწორად და კარგად დაწერო. ვერ ვიტყვით იმასაც, რომ უცხოური ენები უფრო ადვილია, ვიდრე ქართული. მაგალითად, გერმანულს ურთულესი გრამატიკა აქვს, არც რუსულის, თუ ფრანგულის არის ადვილი. ქართულის დავალება უფრო ძნელია, ვიდრე ინგლისურის, რადგან ის უცხო ენაა და შენ, ქართველი როგორც უცხო ენას, ისე ხომ ვერ ჩააბარებ ქართულს? იცი ქართული, მაგრამ არ იცი ისე კარგად, რომ მაღალი ქულა აიღო. ადრე ქართულს ყველა არ აბარებდა. ახლა კი ყველა აბარებს და ეს ძალიან მიხარია.
წყარო: edu.aris.ge