როგორ უნდა შეხვდეს ქვეყანა „მაიმუნის ყვავილის" გამო, გლობალური საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას - ინფექციონისტის განმარტება

მაიმუნის ყვავილი

გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ "მაიმუნის ყვავილის" გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ასეთი გადაწყვეტილება ჯანმოში ვირუსით ინფიცირების შემთხვევის ზრდის გამო მიიღეს.

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება განგაშის საფუძველს არ იძლევა. მისივე თქმით, ქვეყნები ახალ ვირუსს მომზადებულები უნდა შეხვდნენ.

„ნებისმიერი ინფექციის გავრცელებას თან სდევს ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება, რაც არ არის გასაკვირი. მსოფლიოში ახალი ვირუსი ვრცელდება და ამიტომ ცდილობს ორგანიზაცია, რომ მისგან თავი დაიცვას. საქართველოში ისეთი მდგომარეობა არ არის, რომ ერთი ამბავი ავტეხოთ და განსაკუთრებული ზომები მივიღოთ. 

უბრალოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ. მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, რომ ვირუსის შემოსვლა არ მოხდეს საქართველოში, ერთი-ორი შემთხვევის დაფიქსირება საგანგაშო არ არის. სჯობს, მივიღოთ პრევენციული ზომები, რაც გულისხმობს პირბადის ტარებას, თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდებას და შემთხვევების დროული გამოვლენას. ქვეყანაში ახალი ვირუსის გავრცელება არ უნდა მოხდეს“,- განაცხადა ხმალაძემ.

ჯანმოს დირექტორის, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსის თქმით, მსოფლიოს 75 ქვეყანაში "მაიმუნის ყვავილის" 16 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. საქართველოში ვირუსის პირველი შემთხვევა 15 ივნისს დაფიქსირდა.