როგორ უნდა მიუდგეთ ჯიუტ ბავშვს

ბავშვი

სიჯიუტე ხასიათის თანდაყოლილი თვისება არაა. უდრეკი ხასიათის გამოვლენით ბავშვი "საჯაროდ" აცხადებს, რომ მეტი დამოუკიდებლობა სურს. რამდენად ძლიერია სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, აი, ამას უკვე ხასიათი განაპირობებს. ბავშვის ამ მისწრაფებაზე სწორი რეაგირებაა საჭირო. პირველ რიგში, არ დაუპისპიროთ მას ძალა და აგრესია. ძალიან რთულია, მაგრამ ბავშვის ყოველი "უზნეო" აფეთქება მაინც გარეგნული სიმშვიდით უნდა გადაიტანოთ.

არ გამოიყენოთ გადამეტებული ძალა

5-6 წლიდან წარმოჩენილი სიჯიუტე სავსებით ნორმალურია. ამ დროს ბავშვი აცნობიერებს თავის პიროვნულ "მეს" და ფიქრობს, რომ თავადაც ისე უნდა აისრულოს სურვილები, როგორც ამას უფროსები სჩადიან - ისინი ხომ არავის ჭკუაზე არ დადიან, ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც თავად სურთ, მაშ რატომ უნდა დაუჯეროს ბავშვმა უფროსს და არა პირიქით? ეს ბავშვის რკინისებური ლოგიკაა და თუ ღრმად გაიდგა ბავშვის გონებაში ფესვები, მისი "წაღმა" მოტრიალება გაგიჭირდებათ.

სწორედ ამ პერიოდში უშვებენ მშობლები ყველაზე დიდი შეცდომას - ვერ იჯერებენ, რომ პატარა უკვე "გაიზარდა" და მის სურვილებსაც ისევე სჭირდება ანგარიშის გაწევა, როგორც ერთმანეთისას. ამის მაგივრად ჯიუტ და უზნეო ბავშვად თვლიან, მეტად ცდილობენ, საკუთარი ავტორიტეტი აიმაღლონ და უფრო "ხმამაღლა" ებრძოლონ ბავშვის ამ "საშინელ" ჩვევას. "მე უკეთ ვიცი", "ვთქვი და მორჩა", "ეგღა მაკლია, თავზე დამაჯდე"- ამ სტანდარტულ ფრაზებში უფროსების ამბიცია მოჩანს, რომლებსაც არ სურთ თუნდაც, წვრილმანებში დაუთმონ ბავშვს, არ სურთ ან "ნერვები არ ჰყოფნით", მის აზრებს მოუსმინონ. მდგომარეობა კიდევ უფრო რთულდება, როცა ბავშვს 7 წლის ასაკის „კრიზისი“ ეწყება, ერთგვარი გარდამტეხი პერიოდი, რომელიც მის ხასიათზე და საკუთარი თავის გამოხატვის საშუალებებზე დიდ გავლენას ახდენს.

თუ ბავშვს ძლიერი ხასიათი აქვს, თავის პრინციპებზე უარს ადვილად არ იტყვის და მშობელზე ზეწოლას გააგრძელებს. ამით უნდა მეტი ყურადღებაც მიიქციოს და დაამტკიცოს, რომ ძლიერია. განაგრძეთ კითხვა...