როგორ მოხვდა „შერეკილები“-ს სცენარი მაკულატურაში?!

sherekilebi makulaturashi

„დიდი სიყვარულით თამუნას დედიკოსგან! 1984 წელი“... „საყვარელო გულიკო, მიიღე ეს წიგნი ჩვენი 15 წლიანი მეგობრობის აღსანიშნავად“... „მერე, როცა დიდი გაიზრდები და ამ მინაწერს წაიკითხავ, ჩემს მოსაგონებლად სათუთად შეინახე - გურამი, შენი პაპიკო“... ქუჩაში, ნაგვის ბუნკერებთან, ბუკინისტებთან ან სულაც მაკულატურაში ჩასაბარებლად მიტანილი წიგნების ძველი და გაცრეცილი წიგნის ფურცლებზე მსგავსი მინაწერები, ალბათ ხშირად გინახავთ.

სხვადასხვა მელნით გაკეთებული სამახსოვრო ფრაზები, რომ სულ სხვა ღირებულებას მატებს და აცოცხლებს ამა თუ იმ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, ამაშიც დამეთანხმებით... ერთ დროს, სიყვარულით, სიხარულით და ბედნიერებით გაჟღენთილი სამახსოვრო საჩუქრები, როცა უბრალო მაკულატურა ხდება, მაშინ ხვდები, რომ ამ ფრაზების ავტორების ისტორია ჯერ კიდევ არ დასრულებულა...

ისტორია, რომელზედაც ახლა უნდა გიამბოთ, არც წიგნზეა, რომელსაც რაიმე განსაკუთრებული თუ უმნიშვნელო მინაწერი აქვს გაკეთებული და არც სამახსოვრო საჩუქარი.

რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ცოტა ხნის წინ მაკულატურაში, შემთხვევით აღმოაჩინეს 1971 წლით დათარიღებული და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დამტკიცებული, ბეჭედდასმული „შერეკილების“ კინო სცენარი.

როგორ მოხვდა რეზო გაბრიაძის გენიალური ნაწარმოები (უკვე კინო სცენარი) მაკულატურაში ჯერ ისევ გაუკრვეველია...

რარიტეტული გამოცემის ფოტოები სოციალურ ქსელში ატვირთა და საკმაოდ მწვავე მინაწერიც გაუკეთა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა.

„ქართველო ერო! ამას რას დაარქმევდით? მაკულატურაში ყრით იმას, რაც რარიტეტია! ვისი ბრალია ეს? ვისი!
მშვიდობა თუ თავისუფლებაო? ან თავისუფლება რა იცით და ან მშვიდობა! მონები ხართ! იმიტომ, რომ გაუნათლებელნი, ტლუები ხართ! გაბრიაძის „შერეკილების“ სცენარს რომ მოისვრი! მივმართავ ყველას, ვისაც სახლში არქივები გაქვთ: ჩააბარეთ ეროვნულ ბიბლიოთეკას! ჩვენ მოვალთ და წამოვიღებთ. საჩუქარსაც მოგართმევთ. ვინც ყიდის სახლს და არ იცის, სად წაიღოს არქივები და წიგნები, ნუ აბარებთ მაკულატურაში ისე, ჩვენ რომ არ გვაჩვენოთ! ეს თქვენთვის მომგებიანიცაა. შეიძლება იმ არქივში ისეთი რამეა, რომ ვიყიდოთ. მაგალითად ამ კონკრეტულ დოკუმენტში ასობით ლარს გადავიხდიდით. ამით თქვენ თქვენს წინაპარს უკვდავს ხდით. ფოტოებიც გვაინტერესებს, ნებისმიერი ნაბეჭდი მასალა, ხელნაწერი, პლაკატი...“ - დაწერა ლევან თაქთაქიშვილმა.

როგორც „პრაიმტაიმთან“ საუბარში ლევან თაქთაქიშვილმა აღნიშნა, ხშირია შემთხვევები როდესაც მსგავსი ფაქტები ხდება.

„როგორც ირკვევა, მაკულატურაში კერძო პირმა ჩააბარა წიგნები და იქ იყო აღნიშნული რარიტეტიც. ჩვენი თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურად დადიან მაკულატურის პუნქტებში და თითოეულ ფურცელს გულისყურით ათვალიერებენ, რაიმე არ მნიშვნელოვანი დოკუმენტი ან გამოცემა არ განადგურდეს. რამდენიმე დღის წინ თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ მაკულატურაში ვიპოვეთ რეზო გაბრიაძის „შერეკილების“ სცენარიო. არ დავიჯერე. მერე როცა ფოტოები გამომიგზავნეს, გავოგნდი. მეგონა ასლი იყო თუმცა აღმოჩნდა, რომ სცენარის ორიგინალია, ანუ ის სცენარი, რომელიც კინოსტუდიამ „ქართული ფილმი“ დაამტკიცა. მას აქვს დასმული ბეჭედი. სცენარის ყდაზე აქვს გაკეთებული არქივის ნომერიც. როგორც მოხვდა კინოსტუდიის არქივიდან მაკულატურაში არავინ იცის.

მსგავსი ფაქტები ხშირია. არაერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტები გვინახავს, ფოტოები, ხელნაწერები, მინაწერიანი წიგნები, იშვიათი გამოცემები...

- ეს რომ რეზო გაბრიაძეს ენახა, ალბათ გული ძალიან დასწყდებოდა...

- რეზო გაბრიაძე გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ვნახე. სრულიად ნიჰილისტური დამოკიდებულება ჰქონდა ქართულ საზოგადოებასთან დაკავშირებით. ხელი ჰქონდა ჩაქნეული და ამბობდა, რომ ჩვენ კი მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, მაგრამ ქართველები არ არიან დამოუკიდებლებიო. ასე, რომ შეიძლება არც გაჰკვირვებოდა ეს ფაქტი.“- ამბობს ლევან თაქთაქიშვილი.