1731009381
როგორ ხვდებიან შობას საქართველოს კუთხეებში
გურიაში მთავარი საშობაო სამზადისი ღვეზელის გამოცხობით იწყება. ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა უნდა ჰქონდეს. ცომს აკეთებენ ხორბლის ფქვილისგან. მასში ყველი და შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი იდება. ღვეზელი იმდენი ცხვება, რამდენი წევრიც არის ოჯახში. ასევე, მზადდება „მუცლის სალოცავი“, რომელიც ზუსტად იგივე ინგრედიენტებისგან შედგება რითაც ღვეზელი.
იმერეთში შობის წინა საღამოს ოჯახის თითოეული წევრისთვის კლავდნენ ქათმებს. კუჭმაჭის მაგიერ ურთავდნენ ჭყინტ ყველს და მოხარშულ ბრინჯს. დილით ოჯახის წევრები ერთად საუზმობდნენ და ამ საუზმეს ხაციცი ეწოდებოდა. მეკვლეს მოსვლამდე ოჯახის უფროსი სავსე ხონჩით, სამჯერ შემოუვლიდა სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავს და ბარაქას შესთხოვდა. მეკვლეს ხონჩით ეგებებოდნენ, რომელზეც ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგათ.
სამეგრელოში შობის წინა დღეს საშობაო ღორს კლავენ, რომელსაც „საქირსე ღორი“ ეწოდება. ხორცის ჭამა გახსნილებამდე – მარხვის დამთავრებამდე იკრძალება. ამზადებენ კუპატებს ღორის ხორცისგან. მრგვალად მოხარშული დედალი ნიორთავას საწებლით. ნიორთავა წარმოადგენს მარილთან ერთად დანაყილ ნიგოზსა და ნიორს, რომელსაც წყლით ან ქათმის ბულიონით აზავებენ.
აფხაზეთში ამ დღეს „განახლებას“, ანუ „სამყაროს შექმნას“ უწოდებენ. შობის ღამეს ოჯახის უფროსი, ნაკვერჩხალზე მოყრილი საკმევლით და სანთლით ჩამოივლიდა და დალოცადა სახლ-კარს.
აჭარულ საშობაო-საახალწლო სუფრაზე აუცილებელია ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ოთხივე კუთხეში მარცვლეულს მიმოფანტავენ. მარცვლეული, ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.
რაჭაში საშობაოდ ცხვება ნიგვზიანი და სხვა შიგთავსიანი ნამცხვრები, ბაჭულები – ხაჭოიანი ხაჭაპურები. ლობიანი ლორის ხაჭაპურები და კაც-ბასილას ფორმის გამოცხობა, ჯერაც შემორჩენილი ტრადიციაა. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოქნიდნენ 4 სანთელს. სამს ჩაარჭობდნენ თითო-თითოდ ნიგვზიან განატეხში, მეოთხეს კი დიასახლისი ან ოჯახის უფროსი ხელში დაიჭერდა. ანთებული სანთლით და ნიგვზიანი განატეხით ელოდებიან მეკვლეს მოსვლას.
სვანეთში ლობიან პურებს აცხობდნენ და კანაფის თესლისგან მუჯორს ამზადებდნენ. საშობაოდ ორი სუფრა იშლებოდა ერთი ცოცხლებისთვის და მეორე მიცვალებულებისთვის. ორივე სუფრაზე კორკოტი, ერთი სანთელი და ლობიანი პურები ეწყო. ერთი სუფრა ლამარიასთვის – ღვთისმშობლისთვის იშლებოდა და მასთან მხოლოდ ქალები სხდებოდნენ. ოჯახის უფროსი ილოცებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ კაცები და ბავშვები ერთ სუფრას, მეორეზე გადადგამდნენ და ივახშმებდნენ.
ქართლში საშობაოდ კვერებს აცხობდნენ და ოჯახის წევრებს ურიგებდნენ. ტრადიციით ხონჩაზე დადებული იყო მოხარშული ღორი, რომელსაც შემოუწყობდნენ ბედის კვერებს და სანამ ოჯახი სუფრასთან დასხდებოდნენ, მანამდე ოჯახის უფროსი ეზოს შემოატარებდა ხონჩას.
კახეთში შობის დღეს ნეკრესის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. ამ სამსხვერპლო ღორს „ლომტახს“ ეძახიან. ლეგენდის მიხედვით ლეკები მორიგი დარბევის შემდეგ ნადავლით შინ ბრუნდებოდნენ და გზად ნეკრესისკენ გამოუვლიათ. ქართველებს მათთვის მამალი ღორები მიუსევიათ და ლეკები ხელცარიელი გაუშვიათ.
მესხეთ-ჯავახეთში თუთისგან და დათლილი ნიგვზისგან მზადდება გოზინაყი. სადესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი.
თიანეთში საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობენ ქადებს. მოხევეები ქადისთვის ზელენ საფუარიან ტკბილ ცომს, რომელსაც კვერცხსა და ერბოს უმატებენ. ქადის გული მზადდება ერბოში მოხალული ფქვილისგან. ტკბილ ქადას გულში შაქარსაც უმატებენ.
ხევსურეთში დღესასწაულთან დაკავშირებით იხდება არაყი, იხარშება ლუდი. ცხვება საახალწლო კვერები, რომლებზეც სხვადასხვა საგანი და ცოცხალი არსებაა გამოსახული.
წყარო: gurianews