პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მამა გაბრიელზე ფილმის გადაღებას ნიკოლოზ ხომასურიძე აპირებს. რეჟისორს ფეისბუქგვერდი აქვს შექმნილი ბერი გაბრიელი ფილმი, სადაც პერიოდულად, წმინდა ღირსი მამის სულიერი შვილების ან უბრალოდ იმ ადამიანების ინტერვიუებს ათავსებს, ვისაც ურთიერთობა ჰქონდათ ბერ გაბრიელთან.
ამჯერად მამა გაბრიელზე იოანე ნათლისმცემლის სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დეკანოზი რევაზ სიხარულიძე საუბრობს.
ის სიხარულით მიესალმება წმინდა მამაზე ფილმის გადაღებას და საუბარში აღნიშნავს, თუ რას ნიშნავს სალოსობა, რომ ეს ქრისტეს სიყვარულისთვის თავის მოგიჟიანებაა, რომ ეს ძალიან დიდი ღვაწლია ღვთის წინაშე.
დეკანოზი რევაზ სიხარულიძე: - ბევრი ვერ ხვდებოდა, რატომ იყო ასეთი მამა გაბრიელი. ზოგი ფიქრობდა, რომ ასე იმიტომ იქცეოდა, რომ ის ნასვამი იყო, ზოგი ამბობდა, რომ შიზოფრენიკი იყო. გვაპატიოს მისმა სულმა...
ეს ფილმი, რომელიც მისი ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს, ყველაფერს ნათელს მოფენს და ის ადამიანები, ვინც სკეპტიკურად უყურებდნენ მამა გაბრიელს, დაფიქრდებიან და მის დიდ სულს შეიცნობენ. ასეთები უკვე ცოტანი არიან. თუმცა მე ვიცნობ ისეთ ადამიანებს, რომლებიც მამა გაბრიელს წმინდანად ვერ იღებენ. თან უკვირთ ასეთი სასწაულები როგორაა მასთან დაკავშირებული, ასეთი პოპულარული როგორაა ის ხალხში. ამ ფილმის მერე ისინი მიხვდებიან, რა ფენომენია სალოსობა.
ბავშვობიდან ვცდილობდი ხშირად მივსულიყავი მამა გაბრიელთან. ძალიან რომ მომენატრებოდა, 54-ე სკოლაში შატალოს მოვაწყობდი და დილით ადრე მივდიოდი მასთან.
ერთი დიდი სასწაული მახსოვს.
ზამთარი იყო. მივედი და მამა გაბრიელი ჩვეული სიმშვიდით იჯდა და ღვთისმშობლის ძალიან ლამაზ, მოოქროვილ ხატს ასუფთავებდა. დამინახა და - იცი, რეზო, დღეს რა მოხდაო? დაიწყო ამბის მოყოლა - დილას გიჟივით წამოვვარდი, არც ჩამიცვამს, არც დამიხურავს, გიჟივით გავიქეცი. ვინმეს რომ ეკითხა, სად მიდიხარო, ვერ ვუპასუხებდი, მაგრამ რომ უნდა გავქცეულიყავი კი ვიცოდიო.
ჩვენთან, მტკვრის ნაპირას სანაგვესთან ჩავირბინე, "გრუზავიკი" ნაგავს ცლიდაო. მივვარდი ამ ჩამოცლის დროს, დავინახე ღვთისმსობლის ულამაზესი ხატი, ავიღე თუ არა, ნაგვის დიდი მასა ჩამოიშალა მანქანიდანო. ერთი წამითაც რომ დამეგვიანა, ამ ხატს ვერ ვიპოვიდიო, მითხრა.
მაშინ მოწაფე ვიყავი და ყურადღება ვერ მივაქციე ამ სასწაულს. ახლა, ამ გადასახედიდან რომ ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი სასწაული იყო, რადგანაც როგორც პირველი საუკუნის მოციქულები საუბრობდნენ სული წმინდის შესახებ, "სულმან ჰრქვა და მე წარვედი..." ანალოგიურად, მამა გაბრიელს სულიწმიდისაგან ეუწყა, აბა გაიქეცი . რომელი გავიქცეოდით, არც ერთი! მას უფალი სულიწმიდის მადლით ესაუბრებოდა, აშკარა იყო. როგორც პირველი საუკუნის მოციქულებს, მასაც ასევე ესაუბრებოდა სულიწმიდა.
ბევრი ხატი ჰქონდა სანაგვეზე ნაპოვნი და გვჩუქნიდა.
სანამ სამთავროს მონასტერში გადავიდოდა, მასთან ერთხელ სახლში მივედი. შეშვების ლოცვა ვთქვი, ამინო, მიპასუხა და შევედი. შეწუხებული იყო, სევდიანი თვალებით გამომხედა. თითქოს დაბერებული, დაპატარავებული იყო... როგორ ბრძანდებით, ცუდად ხომ არ ხართ-მეთქი? - ვკითხე. შეხედეო და ხელები მაჩვენა, მტევნები ზემოდან ამომწვარი ჰქონდა. წინ სანთელი ედგა. ანთებულ სანთელს დამწვარი ხელი ისევ შეუშვირა: შეხედე, ამას თუ ვერ უძლებს ადამიანი, ჯოჯოხეთის ცეცხლის ალს როგორღა გაუძლებსო? ამაზე წუხდა...
ყველა ჩვენთაგანს გვაქვს ბრძოლები, ზოგი მეტანიებით, ან იესოს ლოცვით ვებრძვით ამ ბრძოლებს. მამა გაბრიელიც მეტანიებს აკეთებდა. მაგრამ როდესაც დიდი ბრძოლები ჰქონდა, საკუთარ სხეულს სანთელზე დიდხანს წვავდა... ერთხელ შევეცადე მეც იგივე გამეკეთებინა, მაგრამ წამში გამოვწიე ხელი. ამას მხოლოდ რჩეულთა შორის რჩეულები თუ შეძლებენ....
ჩვენთან ვაკეში ხშირად მოდიოდა სტუმრად. ასეთ სულიერ ფუფუნებაში ვყავდი. მაშინ ვერ ვაფასებდი, თუმცა დღეს მას ძალიან ვაფასებ.