რატომ გზავნიან ურჩ სასულიერო პირებს მოსანანიებლად შიომღვიმეში

შიომღვიმე

გვსმენია, რომ სასულიერო პირი, რომელსაც რაღაც გადაცდომა დაუფიქსირდა, სინანულისთვის მონასტერში გაუგზავნიათ.  იგივე ხდება რიგითი მოქალაქეების შემთხვევაშიც. ხშირად წაგვიკითხავს, თუნდაც ცნობილი ადამიანების შესახებ, რომლებიც მძიმე დღეებისა, ან განსაცდელის შემდეგ მონასტერში წასულან, სადაც ადგილობრივი მამები განსაკუთრებულ პირობებში არიან.

რატომ შიომღვიმე, ან რა დატვირთვა აქვს მას?.. სწორედ, ამ კითხვით, „პრაიმტაიმმა“ დეკანოზ შალვა კეკელიას მიმართა, რომლის თქმითაც, „სასულიერო პირს ძლიერ მონასტერში უშვებდნენ, სადაც დაეხმარებიან და ღვთისკენ მოაბრუნებენ“.

„შიომღვიმე ყოველთვის სამეფო მონასტერი იყო. იქ ყოველთვის ძალიან ძლიერი მამები მოღვაწეობდნენ. ეკლესიას შინაგანი წესი არ აქვს, რომ ვინმე წარწყმიდოს. პირიქით, „ეკლესიას უნდა, რომ მაინც სცხონდე და გადარჩე“. ამიტომ ისეთ ძლიერ მონასტერში უშვებდნენ, სადაც ამ ადამიანს დაეხმარებოდნენ და ღვთისკენ მოაბრუნებდნენ. ამიტომ ყველაზე ძლიერ მონასტერში უშვებდნენ ხოლმე.

აი, მაგალითად, პატრიარქს ჰქონდა ხოლმე ასეთი წესი, რომ სასულიერო პირი რამეს რომ დააშავებდა, თავისთან გადმოჰყავდა ხოლმე სიონში. მის გვერდით ყოფილიყო, რომ მასზე ემოქმედა და მას დახმარებოდა. აქედან გამომდინარე, აირჩიეს შიომღვიმე. ჩვენ არავის წარწყმედა არ გვინდა“,- აცხადებს დეკანოზი შალვა კეკელია.