რას ამბობს სეისმოლოგი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ 9 თებერვალს მიწისძვრა იქნება

micisdzvra

თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, საქართველოში პანიკის დათესვის მიზნით გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს, 9 თებერვალს, თბილისში, 6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრაა მოსალოდნელი და პრევენციის მიზნით, დღის პირველ ნახევარში შენობები უნდა დავტოვოთ.

შეტყობინება, რომელიც „ვოთსაფის“ მეშვეობით დაიგზავნა, საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმაც გაავრცელეს. 

„პრაიმტაიმი“ სეისმოლოგ გიორგი ბოიჩენკოს დაუკავშირდა და ამ თემაზე მისი მოსაზრება მოისმინა.

ამ ეტაპზე, მიწისძვრის პროგნოზირება შეუძლებელია, მით უმეტეს, გრძელვადიან პერიოდში, რამდენიმე დღეზე გათვლილი. რაც შეეხება მაგნიტუდის განსაზღვრას, ცოტა სასაცილოც არის. ასევე, თურქეთის მიწისძვრების მიბმა ჩვენს მიწისძვრებთან, ცოტა არასწორია. რა თქმა უნდა, გარკვეული ბმა არსებობს, იმიტომ, რომ რეგიონში დაახლოებით, ერთი გეოდინამიკური პროცესი მიმდინარეობს, თუმცა, ჩვენამდე რამდენიმე სტრუქტურაა, რომელზეც გეოდინამიკური დაძაბულობის კომპენსირება ხდება. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება და თქმა, მოხდება თუ არა ჩვენთან მიწისძვრა და თან ეგეთი სიმძლავრის, როგორიც თურქეთში მოხდა.

ამ ეტაპზე ჩვეულ რეჟიმში დაკვირვება მიმდინარეობს და რამე განსაკუთრებული აქტივობა საქართველოს რეგიონში არ შეინიშნება.“ - ამბობს გიორგი ბოიჩენკო.