რამდენი ნათლიის არჩევაა დაშვებული - განმარტება სასულიერო პირისგან

ნათლობა

მიუხედავად იმისა, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილება ნათლობის წესთან დაკავშირებით 2023 წლიდან მოქმედებს, საზოგადოების ინტერესი ამ საკითხის მიმართ დღემდე არ განელებულა. განსაკუთრებით ხშირად ისმის კითხვა — რამდენი ნათლია შეიძლება ჰყავდეს ადამიანს.

ამ თემაზე „რუსთავი 2-თან“ საუბრისას დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ განმარტა, რომ წარსულში ნათლობის პრაქტიკა ხშირად არასწორ ფორმებს იღებდა და მოსანათლეს ზოგჯერ 7, 10 ან 12 ნათლიაც კი ჰყავდა. სწორედ ამიტომ, სინოდმა გადაწყვიტა ძველი საეკლესიო ტრადიციის აღდგენა, რომლის მიხედვითაც ადამიანს ერთი ნათლია უნდა ჰყავდეს, მაქსიმუმ — ორი.

დეკანოზის განმარტებით, ნათლია არის ადამიანი, რომელიც ნათლობის დროს მოსანათლის სულიერ პასუხისმგებლობას იღებს. ეს ტრადიცია ბავშვთა ნათლობას უკავშირდება, რადგან ჩვილს ჯერ არ შეუძლია თავად აიღოს ქრისტიანული ცხოვრების ვალდებულებები. ამიტომ, ნათლობის დროს ნათლია ღმერთის წინაშე პირობას დებს, რომ ბავშვს ქრისტიანული გზით აღზრდაში დაეხმარება.

სინოდის გადაწყვეტილებით, თუ მოსანათლეს ერთი ნათლია ჰყავს, ის აუცილებლად იმავე სქესის უნდა იყოს. ორი ნათლიის შემთხვევაში კი ისინი ქალი და კაცი უნდა იყვნენ, როგორც ბავშვის სიმბოლური სულიერი მშობლები.

რაც შეეხება გამონაკლისებს, მესამე ნათლიის დაშვება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი — თუ ნათლიებს შორის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც მოიხსენიება. სხვა შემთხვევებში ორზე მეტი ნათლიის ყოლა არ არის დაშვებული.

ზრდასრულთა ნათლობის შემთხვევაში ეკლესია ერთ ნათლიას მიიჩნევს საკმარისად.

დეკანოზმა საბა ჭიკაიძემ ასევე ისაუბრა ნათლობის ასაკზეც. მისი თქმით, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, მონათვლა მხოლოდ დაბადებიდან მე-40 დღეს არ ხდება. ბავშვის მონათვლა შესაძლებელია დაბადებისთანავე, ხოლო მე-40 დღე ძირითადად დედის განწმენდის წესთან არის დაკავშირებული, რათა მასაც შეეძლოს ნათლობის ცერემონიაზე დასწრება.

მისივე განმარტებით, ეკლესია ნათლობის გადადებას არასასურველად მიიჩნევს. ისტორიულად, ჩვილების ადრეულ ასაკში მონათვლა სწორედ იმისთვის დამკვიდრდა, რომ მოუნათლავი ბავშვი გარდაცვალების რისკის წინაშე არ აღმოჩენილიყო. გარდა ამისა, ნათლისღება და მირონცხება ეკლესიის უმნიშვნელოვანესი საიდუმლოებებია, რომელთა დროსაც, ეკლესიის სწავლების თანახმად, ადამიანზე განსაკუთრებული მადლი გადმოდის.

დეკანოზი მიიჩნევს, რომ როგორც სულიერი, ისე ჯანმრთელობის თვალსაზრისით, სასურველია ადამიანი რაც შეიძლება დროულად მოინათლოს და ეს პროცესი ხანგრძლივად არ გადაიდოს.