რა ხდება მაშინ, როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის - ამონარიდი ქადაგებიდან

ლოცვა

დიდი ძალა აქვს ლოცვას, მაგრამ ცრემლით ლოცვა, - ეს არის უდიდესი მადლის მატარებელი - ეს სიტყვები უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის 2008 წლის ქადაგებიდანაა.

მისი თქმით, როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს!

„მართლაც, მძიმეა ცრემლი და ამავე დროს წმინდაა. წმინდა მამები ამბობენ: როცა ადამიანი ლოცვის დროს ტირის, მისი მფარველი ანგელოზი ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს.

მახსენდება, ჩვენი პირველი ვიზიტი იერუსალიმში, - დიდი დელეგაციით ვიყავით. როდესაც მაცხოვრის საფლავს მივუახლოვდით, მიმოვიხიდე და დავინახე, რომ ყველა ტიროდა, - ვერავინ იკავებდა ცრემლს. როდესაც გარეთ გამოვედით, ცალ-ცალკე ყველას ვკითხე, რა იყო თქვენი პირველი ლოცვა, რას სთხოვდით უფალს-მეთქი და ყოველმა მათგანმა მიპასუხა: სამშობლოს გადარჩენა შევავედრეთო...“ - თქვა პატრიარქმა.