1732386875
რა ხდება ლარსზე და რა გზას გადიან რუსები საქართველოში მოსახვედრად
დღეში 5-დან 6 ათასამდე შემომსვლელი - დარიალის ხეობაში ისევ რუსი მამაკაცების სიმრავლეა, პუტინს ომს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ისევ გაურბიან. თუმცა წინა დღეებისგან განსხვავებით, ვლადიკავკაზიდან ლარსზე შემოსვლა გართულებულია. რუს კაცებს რუსი სამხედრო კომისრები ხშირ შემთხვევაში უკან აბრუნებენ და გაწვევის ანკეტებებსაც თან ატანენ. მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ სურს ბედი სცადოს ჩრდილოეთ ოსეთში საათობით რიგში დგომა, ღამის მანქანაში გათენება და დიდი თანხის გადახდა უწევს.
სამხედრო ნაწილობრივი მობილიზაცია ვლადიკავკაზელებისთვის ბიზნესად იქცა - 150 ათასი რუბლი გამშვებ პუნქტამდე ურიგოდ მისაღწევად. თუ გაუმართლათ, საზღვარზე გასაუბრებას უკვე ქართველ მესაზღვრეებთან 222-ე ოთახში უწევთ, თუმცა აქაც 10-დან ორი უკან ბრუნდება.
რუსეთის გარდა, პანიკა იწყება აფხაზეთშიც, სადაც დღე დღეზე ელოდებიან მობილიზაციის გამოცხადებას. გალში მცხოვრები მამაკაცები უკვე ცდილობენ თავი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარონ,
თუმცა არ არის გამორიცხული რომ მალე ენგურის ხიდიც ჩაიკეტოს.
რაც შეეხება ლარს, საცობი დარიალის ხეობაში ოდნავ შემცირდა, თუმცა იმის ხარჯზე რომ რუსეთის მხარეს საველე სამხედრო კომისიარიატი დგას. გავრცელებული ცნობით რუს მესაზღვრეებს გასაწვევ პირთა შავი სიაც აქვთ.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსი სტუმრებისთვის ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის აუცილებლობას ვერ ხედავენ. აცხადებენ, რომ აქ შემომსვლელები შესაბამის კონტროლს გადიან და უკან აბრუნებენ ყველას, ვისაც საეჭვოდ მიიჩნევენ. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მოქალაქეთა ნაკადი 40-45 პროცენტით რომ არის გაზრდილი - ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა.