რა ხდება ამ წუთებში თბილისის გასასვლელში
1744963211
ქართველი მოსწავლეები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო პროექტის „Diamond Challenge-ის“ ფინალზე მიემგზავრებიან. გოგონების გუნდი მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოს სახელით იასპარეზებს.
„Diamond Challenge-ის“ რეგიონული შესარჩევი ტური საქართველოში ჩატარდა. საქართველოს, სომხეთის, თურქეთისა და ყაზახეთის რვა საუკეთესო გუნდი ერთმანეთს სამეწარმეო და სოციალური საგანმანათლებლო პროექტებით დაუპირისპირდა. „თანამედროვე განათლების აკადემიის“(CEA) X კლასის მოსწავლეების – მართა შალამბერიძის, ელენე ჯღარკავასა და თინათინ ძაპტაშვილის გუნდმა პროექტით "Alere" გამარჯვება მოიპოვა. მათ მენტორობას აკადემიის მასწავლებელი თამთა წუწუნავა უწევდა.
„Alere“ არის აპლიკაცია, რომელიც ახალბედა მშობლებისთვისაა განკუთვნილი. ეს არის ინფორმაციული ბიბლიოთეკა, რომელიც სხვადასხვა თემის მიხედვითაა დახარისხებული. აპლიკაციას აქვს მიმოწერის ფუნქცია, რომლის საშუალებითაც მშობელს დასმულ კითხვაზე პასუხი წამიერად მისდის. გარდა ამისა, მშობლებს აქვთ წვდომა შვილის სამედიცინო ისტორიასთან, რაც მათი მოვლის პროცესს ამარტივებს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონულ ტურში 8 გუნდიდან საქართველოს სახელით მონაწილე სამივე გუნდი თანამედროვე განათლების აკადემიას წარმოადგენდა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც CEA-ს მოსწავლეები „Diamond Challenge-ის“ რეგიონულ კონკურსში წარმატებას აღწევენ. 2020 წელს აკადემიის გუნდმა პროექტით „Talk to me“ „ბრილიანტის გამოწვევის“ საერთაშორისო ფინალში მიიღო მონაწილეობა და 6 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა. 2021 წელს CEA-ს გუნდმა პროექტით „Free Yourself“ ასევე, გამარჯვება მოიპოვა „Diamond Challenge-ის“ ქართულ ფინალში.
„ბრილიანტის გამოწვევა“ არის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა და კონკურსი, რომელიც IX-XII კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ინოვაციური იდეები მსოფლიო ასპარეზზე წარადგინონ. დელავერის უნივერსიტეტის ეს პროგრამა 2014 წლიდან, საქართველოში ორგანიზებულია „სიქასა“ და „განათლებისა და მართვის გუნდების“ (TEaM) მიერ, პავლე თვალიაშვილის ხელმძღვანელობით. კონკურსის საპრიზო ფონდი 100,000 დოლარს შეადგენს, რომელიც გამარჯვებულ გუნდს პროექტის განვითარების მიზნით გადაეცემა.
აკადემიის გუნდის წევრები მსოფლიო ტურზე თანამედროვე განათლების აკადემიის თანადაფინანსებით გაემგზავრებიან. „Diamond Challenge-ს“ ფინალი ამერიკის შეერთებულ შტატებში, დელავერის უნივერსიტეტში, 1-2 მაისს გაიმართება. ქართველ მოსწავლეებს ახლა შანსი აქვთ, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შეეჯიბრონ და საქართველოს სახელი საერთაშორისო ასპარეზზე გააჟღერონ.