„ხინკლის სახლის“ სამზარეულოში 21 წლის ახალგაზრდამ მძიმე დაზიანება მიიღო
1737289807
2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები უკვე გამოქვეყნდა - 34 843 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. სულ მალე, ისინი სასურველი უნივერსიტეტის, აუდიტორების კარს შეაღებენ და თავგადასავლებით სავსე, საინტერესო პერიოდს დაიწყებენ.
34 843 სტუდენტიდან ერთ-ერთი, ჩვენი რესპონდენტი ნანა ბეგიაშვილია. თბილისელი, 40 წლის შემდგარი ქალი, თავად სტუდენტის დედა, კიდევ ერთ, ამჯერად, საოცნებო პროფესიას დაეუფლება და დასახულ მიზანს მიაღწევს - პროკურორი გახდება.
ნანა ბეგიაშვილი 25 სექტემბერს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტზე დაიწყებს სწავლას.
ნანა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ცხოვრობს. მოულოდნელი გადაწყვეტილებისა და საკუთარი საინტერესო ცხოვრების შესახებ მან „პრაიმტაიმს“ უამბო.
ნანა ბეგიაშვილი: - მესამე წელია, თურქეთში მეუღლესთან ერთად ვცხოვრობ. გამოცდებზე გასვლა, თებერვალში, უცებ გადავწყვიტე და რეპეტიტორის გარეშე მოვემზადე. ისტორიის ელექტონული წიგნი ინტერნეტში ვერ ვიპოვე და დახმარება ჩემს ქალიშვილს ვთხოვე. ფოტოებს მიგზავნიდა, ძალიან რთული იყო, ყველაფერს ბლოკნოტში ვიწერდი და ასე ვსწავლობდი. დღე და ღამეს ვასწორებდი.
რაც შეეხება ქართულ ენას, ონლაინ გაკვეთილები ძალიან დამეხმარა. სადაც უნდა ვყოფილიყავი, სულ ვუსმენდი, ქუჩაში სიარულის დროსაც კი.
მთავარია, საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად მოამზადო, განწყობა შეიქმნა და დასახული მიზანი აუცილებლად შეასრულო. ამით კი, ისევ და ისევ, საკუთარ თავს ასიამოვნო. ჩემთვის სწავლა პრიორიტეტულია, სხვა ყველაფერი - მეორეხარისხოვანია.
„იურისტობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო“
- 2000-2004 წლებში, ვსწავლობდი ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მაქვს ინგლისური ენის პედაგოგის ბაკალავრის ხარისხი.
დედა პედაგოგია, თბილისის N77 სკოლაში მუშაობს. ბებოც პედაგოგი მყავდა, ბიოლოგიას მასწავლიდა. ასე ვთქვათ, ოჯახის ხათრით ჩავაბარე. მიუხედავად ამისა, ბაკალავრიატის დასრულების შემდეგ, გავიპარე სინქრონული თარგმნის განყოფილებაზე ჩასაბარებლად, 2-წლიანი იყო. სტუდენტი რომ გავხდი, სახლში მერე ვთქვი.
ბავშვობიდან თარჯიმნობა მინდოდა. მაშინ უკვე დაოჯახებული ვიყავი, ჩემმა პირველმა მეუღლემ მეათეკლასელი მომიტაცა. შემდეგ საღამოს სკოლაში გადავედი. ჩათვალეს, რომ როგორც „ოჯახის ქალს“ პედაგოგობა უფრო შემეფერებოდა, არ ვიცი, ეს რა შეხედულება იყო. თუმცა, თარჯიმნის დიპლომიც ავიღე, მაგრამ ამ პროფესიებით ოფიციალურად არ მიმუშავია. სტუდენტობის წლებში რეპეტიტორობა შევითავსე.
შემდეგ, მუშაობა ფინანსთა სამინისტროს თბილისის საგადასახადო ინსპექციაში დავიწყე. მოგვიანებით, ვიმუშავე თურქულ სამშენებლო კომპანიაში, ლუგარის ლაბორატორიის პროექტზე ფინანსურ საკითხთა სპეციალისტის პოზიციაზე.
რადგან თურქებთან ვმუშაობდი, ენამ დამაინტერესა და ენის შესასწავლად თურქეთის საელჩოს ენის შემსწავლელი კურსები გავიარე, სერტიფიკატი ავიღე. თურქული ენა პირად ცხოვრებაშიც გამომადგა - დღეს, თურქი მეუღლე მყავს.
ასევე, ვმუშაობდი სასჯელაღსრულების N1 დაწესებულებაში.
ცხოვრებაში, ბევრ უსამართლობას წავაწყდი, ამიტომ, იურისტობა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ძალოვან უწყებებში მუშაობის დროს, კოდექსები შევისწავლე. ვისწავლე საგადასახადო კოდექსი, სასჯელაღსრულებაში - პატიმრობის კოდექსი. როცა პატიმრების პირად საქმეებს განვიხილავდი, სისხლის სამართლის კოდექსიც შემომესწავლა (იცინის).
ოჯახი
- ოჯახის მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, პროკურორობა მაქვს გადაწყვეტილი. მინდა, სისხლის სამართლის განხრით წავიდე.
ჩემი შვილი მეოთხე კურსის სტუდენტია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს. ნიჭიერია, 6 ენა იცის.
მეუღლე თურქეთში, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის სამმართველოს უფროსია. პირველად ინტერნეტში რომ გავიცანი, ხელში შტეფან ცვაიგის წიგნი ეჭირა. ეს ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი იყო, რამაც ძალიან მომხიბლა.
სტერეოტიპების მსხვრევა - „სწავლას ასაკი და დრო არ აქვს“
- საქართველოში, ბევრისგან ცინიკური რეპლიკა მოვისმინე,- რად გინდა ამ ასაკში სტუდენტობაო. ამას მე არავის ვეტყვი, სწავლას ასაკი და დრო არ აქვს, ნეტავ, შესაძლებლობა იყოს.
პირველი ქორწინების პერიოდში, იმდენად არ უნდოდათ ჩემი სწავლა, ლექციების გაცდენა მიწევდა.
არ აქვს მნიშვნელობა, სად და როგორ გარემოში ისწავლის ადამიანი, „აი ია“ სიღნაღის რაიონში ვისწავლე. საუკეთესო ცოდნით გადმოვედი გრ.კობახიძის სახელობის N5 გიმნაზიაში (დღევანდელი თბილისის 77-ე საჯარო სკოლა), თბილისელმა ბავშვებმა მაინც ზემოდან გადმომხედეს. კლასში 30 მოსწავლე იყო, მათ შორის, მე საუკეთესო ვიყავი.
მეცხრე კლასში სასამართლოც კი მომიწყვეს, როცა „შატალოზე“ არ წავედი. „სწავლას თავი დაანებე“, „ყველა რომ ჩუმად ვართ, გაკვეთილი არ ვიცით, შენ ხელს რატომ იწევო“- ბულინგის მსხვერპლი გავხდი. ასაკიც ისეთი მქონდა, ლამის სუიციდამდე მიმიყვანეს. ამ დროს, საკუთარი თავის ხელში აყვანა უნდა შეძლო.
ჩემს კლასელებს ეს კი ვაპატიე, მაგრამ ბრაზი მაინც გამომყვა, - იხსენებს ჩვენთან ნანა ბეგიაშვილი, რომელიც , მალე, კიდევ ერთ პროფესიას დაეუფლება.